„ზარები არ ჩერდება. ორი დღეა, გვირეკავენ მე, ზაზას და 67 წლის დედაჩემს. გვკითხულობენ სახელებით, გვემუქრებიან, გვაგინებენ და რაღაც საოცრებებს ამბობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დედაჩემის შემთხვევაში თქვეს, ვანიდან ტყემალი გამოგვატანეს და რა მისამართზე გადმოგცეთო. უფროსებს სასაცილოდ არ გვყოფნის ეს სიტლუე, ბავშვებმა ბევრი იტირეს (ბავშვებს ერევიან). რა „ნაცები“, ხალხო? აზრზე მოდით, საერთოდ, ესენი თუ დარჩნენ ოქტომბერში, რა რეალობაში გავიღვიძებთ.
კბილებით გვაქვს დასაცავი ჩვენი ლამაზი ქვეყანა!“, - წერს სამეგრელოში მცხოვრები ქეთო ნინიძე. ის მარტვილის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორის ზაზა გაგუას მეუღლეა. „აგენტების კანონს“ ორივე ღიად აკრიტიკებს და საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობენ.
„ღამის პირველისნახევარზე, 5 წუთის ინტერვალით დამირეკეს მე, ჩემს ცოლს და ჩემს 67 წლის სიდედრს, გვაგინეს და შვილები დამიწიოკეს. ვისაც ეს მოგწონთ, ღმერთმა გაგიმარჯოთ მაგ სიმართლეში. ვინც ამას გაატარებთ, არ შეიმჩნევთ, ხვალ თქვენც მოგიკითხავენ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყანას ვემსახურები და პასუხად ეს მივიღე. არავის შეგერგებათ ჩემი შვილების ცრემლები. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპა“, - ამბობს ზაზა გაგუა.
იგივე ტექსტით დაურეკეს აქტივისტ ანა სუბელიანსაც 2 ივნისს. უცნობმა პირმა ანას უთხრა, რომ მისთვის მარწყვის მიტანა შეუკვეთეს:
„მირეკავს ვაიბერში უცხო ნომერი. არ ვპასუხობ. რამდენიმე ზარის შენდეგ ავიღე, ოღონდ ხმას არ ვიღებ, ველოდები გინებას. უცებ ნორმალური ხმით მიწყებს ტიპი საუბარს. ანა ხარო?
...ხობიდან ჩამოვედი ამხელა გზაზე, თქვენთვის მარწყვი ჩამოვიტანეო. ...გიორგი თოფურიამ ჩამირიცხა ეს თანხა, ჩამაწერინა თქვენი ნომერი და მანქანაში მიდევსო თქვენთვის ჩამოტანილი, 150 ლარის მარწყვი.
ვუთხარი, მაგ ადამიანის ნომერი გამომიგზავნე ან ჩარიცხვის სქრინი ჩამიგდე მეთქი. რამდენიმე წუთში მირეკავს ისევ, უეჭველი უნდა მოგიტანოთ, ასე მითხრაო. რანაირად გგონიათ, რომ უცხო ადამიანს ამ შუაღამეს ჩემამდე მოგიშვებთ მეთქი. ამის მერე იწყებს გინებას, ტრადიციულად“.
უცნობმა პირმა ღამის სამ საათზე საცხოვრებელ სახლში მიაკითხა ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას. „ზუსტად 03:15 საათი იყო. დედაჩემთან აკაკუნებს კარზე. მე, მაშო და დედა ვიყავით. კართან ვიღაც ტიპი დგას ჰუდში და მეუბნება, გოგონა, თავი მტკივა, კარი გამიღე და ციტრამონი დამალევინეო. რომელი საათია, რა ციტრამონი მეთქი. რატომ მეჩხუბები, წამალი გთხოვეო. რათქმაუნდა კარი არ გავაღე და 2 წუთში რეკავს ტელეფონი და მეუბნება, უზრდელობისთვის დაისჯებითო. მერე მაგინა“.
მოქალაქეებთან, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები 7 მაისიდან ხორციელდება. უცნობი პირები რეკავენ როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მექსიკის ნომრებიდან და ცდილობენ საპროტესტო აქციების მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები დააშინონ. ხშირ შემთხვევაში, მათ უკავშირდებიან რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე, აყენებენ შეურაცხყოფას, მიმართავენ ღირსების შემლახველი ტერმინოლოგიით. ეკითხებიან, რატომ არ უჭერენ მხარს „აგენტების კანონს“ და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები პროტესტს არ შეწყვეტენ.
სატელეფონო ნომრებთან ერთად უცნობი პირებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში ცნობილია ზარის ადრესატების სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი მისამართი, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია. მუქარის შემცველი ზარებით უკავშირდებიან ბავშვებსაც.
იმ ქართული სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, საიდანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ურეკავენ, არააქტიურია, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ ქსელში რეგისტრირებული არ არის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ე.წ. Caller ID Spoofing [ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბება] გამოყენებით ხდება. ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სატელეფონო ზარების სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრული და ორგანიზებულია. სამსახურმა ამ საკითხზე მიღებული ყველა განცხადება რეაგირებისათვის პროკურატურას თითქმის 10 დღეა რაც გადაუგზავნა, მაგრამ უშედეგოდ.
სატელეფონო ტერორთან ერთად, გამომძიებელი ჟურნალისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ „ქართულ ოცნებას“ სიძულვილის და ძალადობის კამპანია აქვს გაჩაღებული. 31 მაისს, ღამით, ისევ გააკეთეს შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი წარწერები მათ საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებზე. ძალადობის ამ კამპანიაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრმა და მმართველი პარტიის რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ აიღო. არცერთი შემთხვევა, მათ შორის, არც ქონების დაზიანების, მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების, თავდასხმის გამოძიებული არ არის.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. კანონი „საკანონმდებლო მაცნეში“ დღესვე გამოქვეყნდა და აგვისტოში ამოქმედდება.