თუ კანონს არ დაემორჩილებიან, არის ჯარიმები, დაყადაღება და მუშაობას ვეღარ შეძლებენ - კალაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„თუ არ დაემორჩილებიან [„უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს], არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ უბრალოდ ფუნქციონირებას. ვერ შეძლებენ იმ თანხების მიღებას, რასაც იღებენ. თუ შენ კეთილ საქმეს აკეთებ და არ გაქვს ბოროტი ზრახვები, რა პრობლემაა დეკლარაციის შევსება და შენი ფინანსების ჩვენება - საიდან იღებ შემოსავლებს და რა კონკრეტული პროექტები ფინანსდება. თუმცა, არსებობს ეჭვი იმისა, რომ პოლარიზაცია, რევოლუციური სცენარის დაფინანსება, ყველაფერი ხდებოდა ამ გაუმჭვირვალობის გამო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისივე თქმით, არც პირადი და არც თანაგუნდელების დასანქცირების მოლოდინი არ აქვს. „არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კანონს იღებენ და ამის უფლება, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს მთავრობის სახითაა წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება“, - თქვა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. კანონი დღესვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“.

კანონის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან აგვისტოში განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის სააგენტოს და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოითხოვონ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმებს.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, ყველა პირი (მათ შორის, ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. იუსტიციის სამინისტროს ფიზიკური პირებისგან შეუძლია გამოითხოვოს პერსონალური მონაცემები, კომერციული, პროფესიული და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

ასზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და ონლაინგამოცემებმა განაცხადეს, რომ ისინი „აგენტების“ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. ორგანიზაციების ნაწილი რუსული კანონის გასაჩივრებას გეგმავს საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.