„ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას მოსწონს ის საერთო პოლიტიკა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში წარმოებს“, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე და შუალედური არჩევნები, რომელშიც ძირითადად მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები მონაწილეობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
29 აპრილს ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მერების, ხოლო ქუთაისში, ტყიბულში, გურჯაანში, ახალციხესა და თიანეთში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ კანდიდატს კონკურენტი მხოლოდ ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქსა და ტყიბულში ჰყავდა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.
კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9000 ხმა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1300-ზე ნაკლები ხმა. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა და ბოლოს, თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, მან ხმების 95% (27 553 ხმა) მიიღო, ხოლო პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, ბესიკ წულეისკირმა - თითქმის 5% (1359 ხმა). მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 105 314 ამომრჩეველი. გიორგი ხახუბია ამავე ოლქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილია. 2022 წლის ოქტომბერში ირაკლი ხახუბია საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ცაგერის მერი 4825 ხმით, უკონკურენტოდ, ლევან ზალკალიანი გახდა. მუნიციპალიტეტში, სადაც 10 496 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნებიდან“ მერად არჩეული გიორგი ნემსაძე 2022 წლის ნოემბერში გადადგა.
თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე იქნება, რომელმაც 11 511 ხმა მიიღო. საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 32 254-ია. მანუჩარ რობაქიძეც მეორბის ერთადერთი კანდიდატი იყო. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. გოგიაშვილი მერის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა. 2022 წლის ოქტომბერში ის ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მიხეილ გიორგაძე გახდა. ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მან 5331 ამომრჩევლის ხმა მიიღო მაშინ, როცა პირველ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 25 761-ს შეადგენს.
გურჯაანის მე-8 მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრად ზურაბ მუხულიშვილი აირჩიეს, რომელსაც ხმა 1347-მა ამომრჩეველმა მისცა. ოლქში სულ 3716 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
თიანეთის საკრებულოს წევრი მე-2 მაჟორიტარული ოლქიდან იოსებ მათურელი იქნება, რომელსაც ხმა 345-მა ამომრჩეველმა მისცა. ოლქში რეგისტირებულია 886 ამომრჩეველი.
ახალციხის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 979 ამომრჩეველია, საკრებულოს წევრად, 463 ხმით, როინ ნებაძე აიჩიეს.
ტყიბულის პირველი მაჟორიტარული ოლქი ერთადერთია, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი კერესელიძეს კონკურენტი ჰყავდა. კერესელიძემ 1321 ხმა აიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა. ოლქში 5650 ამომრჩეველია.