პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები დაასახელა. შუალედური არჩევნები 29 აპრილს გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის, სენაკისა და ხობის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად პარტია გიორგი ხახუბიას კანდიდატურას წარადგენს.
„ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში, გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებისა და პარტიული ორგანიზაციების მუშაობაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
გიორგი ხახუბია ამავე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილია. ირაკლი ხახუბია 2022 წლის 27 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. დეპუტატმა თავი მოიკლა. 2017 წლის მაისში ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია, გორის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ბექა ხახუბია „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილს მართავდა, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც პოლიციამ მას სატვირთო ავტომობილით გზა გადაუკეტა. ბექა ხახუბია სატვირთოს შეეჯახა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ ორი პოლიციელი ცნო დამნაშავედ - ზურაბ რუსიშვილს 1,6 წლით, ხოლო გია სადაღაშვილს - 2,6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ამბროლაურის ყოფილი პროკურორის ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა.
„ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის მანძილზე - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ცაგერის მერმა გიორგი ნემსაძემ თანამდებობა გასული წლის ნოემბერში დატოვა.
რაც შეეხება თერჯოლას, მმართველმა პარტიამ მერის თანამდებობაზე ასარჩევად მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა დაასახელა. რობაქიძე სხვადასხვა დროს იყო საკრებულოს წევრი, მუშაობდა კერძო კომპანიებში - „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ ხელმძღვანელ თანამდებობაზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსად. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი გასული წლის ოქტომბერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.