საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ გამოყოფილი 30 მილიონი ლარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
კაპიტანი გურამ კაშია ნაკრების სახელით მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და „ქართუს“ მხარდაჭერისთვის.
„ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროსამთავრობო მედიამ ეროვნული ნაკრების მეკარის კომენტარიც გაავრცელა. გიორგი მამარდაშვილმა თქვა, რომ „ძალიან მადლობელია“, ისევე როგორც თითოეული ფეხბურთელი.
„კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩნდა, რამხელა რამეს ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის. მადლობელი ვარ როგორც მე, ისე მთელი ნაკრები“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის Live“-ში ჩართვის დროს, ბიძინა ივანიშვილის „უპრეცედენტო ჯილდოსთან“ დაკავშირებით ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია „ასეთი მხარდაჭერა და დაფასება“.
„ეს არის ძალიან მაგარი და აღსანიშნავი ფაქტი. ჩვენ, ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერები ვართ ამ ყველაფრით.
მსგავსი ინიციატივა აუცილებლად ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს ყველაფერი, თუნდაც ფეხბურთის წახალისება იწვევს იმ დადებით ძვრებს, რომლებიც ფეხბურთს აუციელებლად გამოადგება და რაც უფრო დიდი რაოდენოიბით იქნება ეს, გამოჩნდებიან სხვა ადამიანები თუ ადამიანთა ჯგუფი თუ ორგანიზაცია, რომელიც უფრო მეტად გამოიჩენს ინიციატივას, როგორც გამოიჩინა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, ქართულ ფეხბურთს წაადგება, კიდევ და კიდევ განავითარებს. ქართულ ფეხბურთს რა შეუძლია და რა ემოციის მოტანა შეუძლია ქართველი ხალხისთვის, ეს ვნახეთ. ეს არის ის, რაც კიდევ და კიდევ გვჭირდება. არ უნდა გავჩერდეთ და ზუსტად ამაზეა აქცენტი, რომ გავაგრძელოთ ყველამ ერთად შრომა, რომ ქართული ფეხბურთი უფრო განვითარდეს და უფრო ხშირად გვქონდეს ის ბედნიერება, რომელიც ამ კვირების განმავლობაში განვიცადეთ“, - თქვა კიტეიშვილმა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ნაკრებს 30 მილიონს გადასცემდა. ივანიშვილს იგივე ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისაც.
საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა, F ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა და მერვედფინალში გადავიდა. 18 ივნისს საქართველომ თურქეთთან 3:1 წააგო, 22 ივნისს ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშა, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიასთან 2:0 მოიგო. 30 ივნისს, მერვედფინალში, ეროვნული ნაკრები ესპანეთს შეხვდა. თამაში ესპანეთის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამით საქართველო „ევრო 2024“-ს გამოეთიშა.