არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის, „ჩემი ხმის“ შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ - უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი საარჩევნო გარემოსთვის მზადება „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხნით ადრე დაიწყო. კერძოდ, მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ცხადია, ყველა სახელმწიფო ორგანოს მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებამ ნეგატიური გავლენა იქონია წინასაარჩევნო პროცესზე. ხელისუფლების სამივე შტო და ასევე, ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტები სრულიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იყო/არის ცესკოს ან/და მმართველი პარტიის სასარგებლო. სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება ან საერთოდ არ ხდებოდა რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყებისა თუ დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით - მათ შორის, მუქარით, დაშინებით, სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით ზემოქმედებისა და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შექმნილ მტრული გარემოზე, რასაც წინ რუსული კანონის მიღება უძღოდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ აქტიურად მიმდინარეობდა სამოქალაქო სექტორის მიმართ მუქარა, სიტყვიერი თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიები.
„წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე. პრაქტიკულად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც - ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო.
წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ტენდენცია იყო ასევე მმართველი პარტიის მიერ სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება. გამოვლინდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, მათ შორის მათ მხარდამჭერ აქციებზე საჯარო მოხელეების მათი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანა, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება.
არათანაბარი იყო საარჩევნო კამპანიისა და ზოგადად, პარტიების დაფინანსების მასშტაბებიც. დაფიქსირდა მმართველი პარტიისათვის პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები, თუმცა ამ ფონზე სრულად უმოქმედო იყო ანტიკორუფციული ბიურო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
„ჩემი ხმის“ ანგარიშ მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია, სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, „რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი“.
სადამკვირვებლო მისია დადებითად აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას ამომრჩევლების ინფორმირების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების შეუფერხებლად რეგისტრაციისა და ასევე, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ნაწილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის მიმართულებით.
„თუმცა, საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა. პრობლემურია ასევე ცესკოს მიერ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების წილისყრით განაწილების წესის შეცვლა, რის გამოც კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების პროცესს, ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვერ დააკვირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.