ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიჩნევს, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და პარტიულ სიას სრულად ხსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე“, - აღნიშნა სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ და წაიკითხა სიის ოცეული, ვინც განცხადებას უერთდება: ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი კაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფო გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.
მანამდე კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ უმრავლესობა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოიპოვა და გეგმავენ, ხმების შენარჩუნებისთვის იბრძოლონ.
„საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად იგნორირებული. საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური.
ეს არის ქართველი ხალხი დამოკიდებულება და ლეგიტიმაცია ისაზღვრება სწორედ ამით. საუბარი იმაზე, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ, ჯერ და მერე ვილაპარაკოთ, არის აბსოლუტურად არაზუსტი. პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის საკითხი განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით. თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ნებას, არა მარტო მათ, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, არამედ მოსახლეობის ნებას და ამგვარია მოსახლეობის დამოკიდებულება, ლეგიტიმაციის საკითხი წყდება სწორედ ასე.
საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია. ვერ დავადანაშაულებ ვერცერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერცერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვერცერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა როგორც დამკვირვებელი, ამ პროცესში, რადგანაც შეუძლებელია ჩვენი მხრიდან ტექნოლოგიური პროცესის გაკონტროლება. ამ მანქანების აუდიტი ჩაატარა ხელისუფლებამ, ოპოზიცია არ იყო დაშვებული ამ აუდიტზე, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩატარდა ეს აუდიტი და რა დადგინდა. არცერთი ყველასთვის სანდო საერთაშორისო აუდიტის მიერ ამგვარი დასკვნა, რამდენად შეიძლება იყოს გაყალბებული არჩევნები ამ მანქანების მეშვეობით და რა რისკებს ატარებს, საქართველოში არ ჩატარებულა. ეს არის ღიად, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას.
რაც შეეხება შეკითხვებს იმასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა გეგმა, როგორ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას, ასეთი გეგმა არსებობს. ბუნებრივია, ეს იქნება სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა იმ მიზეზით და იმ მიზნით, რომ საქართველომ დაიბრუნოს ხალხის ნება და დაიბრუნოს სამართლიანი არჩევნები, როგორც სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი ფუნქცია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 27 ოქტომბრის 19 საათის მონაცემებით (დათვლილია უბნების 99.968%) ხმები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 53,92%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,037%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10,164%;
- „ძლიერი საქართველო“ - 8,814%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 7,771%.
ტელეკომპანიების „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ მოიგო და მმართველ პარტიას მხოლოდ 40.9% აქვს.