საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახლა უკვე გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ ამბობს, რომ მას „ჩალის ფასი“ აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი.
თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში.
ეს არ არის უბრალოდ სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
ბუნდესტაგმა 10 ოქტომბერს მიიღო მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ ინიცირებული რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ აკრიტიკებს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ კურსით, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მოსახლეობის ფართო უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.
ბუნდესტაგი ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ დონეზე დაჟინებით მოითხოვოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ ძალაშია ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ [რუსული კანონი]. ამასთან, მიიჩნევს, რომ გერმანიამ ევროპულ დონეზე ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას.
რეზოლუაციაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა საქართველოში შიშის ატმოსფეროს გაღვივებას ცდილობს, თავისი მზარდი ავტორიტარული ქმედებებითა და საზოგადოების პატრიოტად და მტრებად/მოღალატეებად დაყოფით. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადება, რომ მას სურს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ასევე აბსოლუტურად მიუღებელია და შეუთავსებელია დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ორი დღით ადრე საქართველოს ხელისუფლებისადმი მორიგი კრიტიკული რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დოკუმენტს „ჩალის ფასი“ აქვს და მის მიღებაში „გლობალური ომის პარტიის ხელი იკვეთება“.