ევროპარლამენტი დღეს, 9 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციით ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. რეზოლუციას მხარი ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა, 73-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ევროპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლა ფაქტობრივად აჩერებს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას. რეზოლუციაში ისინი ხაზს უსვამენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ავტორიტარულ დღის წესრიგს ატარებს, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და ლგბტქ+ უფლებებთან მიმართებაში და ეს მაშინ, როდესაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
რეზოლუციით ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონებს, ასევე, საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონები არღვევენ გამოხატვის თავისუფლებას, აცენზურებენ მედიას, შეზღუდვებს უწესებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ ხმებს და ახდენენ მოწყვლადი ხალხის დისკრიმინაციას. ევროპარლამენტარები ასევე ცხადყოფენ, რომ თუ აღნიშნული კანონები არ გაუქმდება, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობაში პროგრესიც არ იქნება.
ევროპარლამენტარები ითხოვენ პოლიციის სისასტიკის გამოძიებას იმ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, ვინც ქუჩებში 2024 წლის გაზაფხულზე გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონის გასაპროტესტებლად.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები წუხილს გამოხატავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე პოლიტიკურ პლურალიზმზე ხელისუფლების თავდასხმებით ქვეყანაში შექმნილი სიძულვილისა და დაშინების ატმოსფეროს გამო. რეზოლუცია ოლიგარქად მოიხსენებს ბიძინა ივანიშვილს და გმობს მის, ისევე როგორც ხელისუფლების წამყვანი ფიგურების მუქარებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის მუდმივი გაუარესების ფონზე, ევროპარლამენტი ითხოვს არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე გაიყინოს ევროკავშირის ყველა დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს. ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მთავრობის ნებისმიერი სამომავლო დაფინანსება შეიძლება მხოლოდ მკაცრი პირობებით გაიცეს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმის გაგებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ავტორიტარული ტრაექტორია აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და მან ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია.
ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრისთვის, ისევე როგორც მისი შესაძლებლობისთვის, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს.
რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ზოგადად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და არჩევნები რა გავლენას მოახდენს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.
რეზოლუციის ავტორები არიან „ევროპის სახალხო პარტიის“ (PPE), „განაახლე ევროპის“ (Renew), „ევროპის თავისუფლების ალიანსის“, (Verts/ALE), „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ (S&D), „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ (ECR) ჯგუფები.