„ეს ქოლ-ცენტრების თემა არის იდეალური მაგალითი, როგორ ისხდნენ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად და თაღლითურად ფულს ჰპარავდნენ ევროპელებს. ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, ერთმა ერთს დააბრალოს და მეორემ - მეორეს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
გახარიას თქმით, ამის ფასს თითოეული მოქალაქე გადაიხდის, რადგან რიგითი ევროპელის თვალში დღეს საქართველო თაღლითების ქვეყანაა.
„რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა? იტყვის, რომ კაცო, აგერ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თურმე ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს. მერე, კომისია [პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია - რედ.] რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას - აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში, ამ განაჩენს გამოუტანენ რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს. მორჩა. ამიტომ არ უნდათ.
ესენი ახლა რეალურად რასაც აკეთებენ, ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ თავიანთი მოპარული ფული დაიცვან“, - ამბობს გახარია.
პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრები ქოლ-ცენტრების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ, რაშიც მხარი სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირეს. 26 აპრილს მათ პარლამენტში შესაბამისი დადგენილების პროექტიც დაარეგისტრირეს.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანია, 2020 წლიდან დღემდე საქართველოში მოქმედი ტრანსნაციონალურ დანაშაულის, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მუშაობის სქემის და მასშტაბების, ჩართული პირების, ორგანიზატორების და შესაძლო გავლენიანი მფარველების, სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტიანი გამოძიების და უმოქმედობის მიზეზების დადგენა; დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური რისკებისა და მათი შესაძლო შედეგების გამოვლენა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.
12 აპრილს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გლობალურ თაღლითურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ადამიანები „მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა“. თაღლითური ქოლ-ცენტრები კიევსა და თბილისში იყო განთავსებული. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი. თავად კეზერაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდებები ცილისმწამებლურია და საგამოძიებო მასალაში არაერთი ფაქტი განზრახ არის დამახინჯებული. ბიზნესმენმა გამოთქვა მზაობა, „ინტერესის არსებობის პირობებში“ ითანამშრომლოს ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია „იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში“. დავით კეზერაშვილი ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
თბილისში „თაღლითური ქოლ-ცენტრების“ გამოვლენის მიზნით სპეცოპერაცია რამდენჯერმე ჩატარდა, მათ შორის, გერმანელი სამართალდამცველების მონაწილეობით.