სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ კონგრესში გამოსვლის გამო ხელისუფლების კრიტიკის სამიზნე გახდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მმართველი პარტიის რამდენიმე აქტივისტი დახვდა და შეურაცხყოფა მიაყენეს. იქვე იმყოფებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ გადამღები ჯგუფები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„სოროსმა რამდენი გადაგიხადა?“, „სერგო ხარ ორჯონიკიძე. ამ მიწაზე ფეხი რატომ უნდა დადგა, ბიჭო?!“, „მონა ხარ, ჩვეულებრივი მონა ხარ“, „სოროსის ფულზე გაყიდული აგენტი ხარ“, - მიმართავდნენ ივანე ჩხიკვაძეს "ქართული ოცნების" აქტივისტები. ჩხიკვაძემ მათ არ უპასუხა და აეროპორტის ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის შეფასებით, დღევანდელი ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული და კოორდინირებული.
4 ივნისს, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის ორგანიზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც ივანე ჩხიკვაძე და ნატალი საბანაძე - ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და Chatham House უფროსი მკვლევარი მოხსენებით წარდგნენ. მათ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე და განსხვავებული აზრის დევნაზე დეტალურად ისაუბრეს.
თავის გამოსვლაში ივანე ჩხიკვაძემ თქვა, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას - „ან გააგრძელებს თავის სწრაფვას, გახდეს თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი, ან კიდევ ერთხელ გახდება რუსეთის უკანა ეზო“. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებას შეაჩერებს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გადაიყვანოს. ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ „ერთი უპასუხისმგებლო კაცის ბრძანებით“, საპარლამენტო უმრავლესობა ანგრევს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ხანგრძლივ პრიორიტეტებს, 30 წლის მიღწევებს და მეგობრობას ისეთი კანონების მიღებით, როგორიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებმა ჩხიკვაძისა და საბანაძის მიმართ ასევე სიძულვილის ენის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს - ისინი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს და ბოლშევიკ სერგო ორჯონიკიძეს შეადარეს:
„ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, დააზიანონ, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატი. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ღალატი… როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, რუსული კანონის არაერთ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს.
- 11 ივნისს, დილით, ჩაუსაფრდნენ და საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს. მას სახეში სცემეს, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ზუკა ბერძენიშვილს უწოდა ერთ-ერთი „აღშფოთებული მოქალაქე“, რომელიც მმართველი პარტიის წევრების წინააღმდეგ „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაში“ მონაწილეობს.
- 7 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელს, აქტივისტ ნიკო მანაგაძეს. ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც ყოველ შაბათს, უნივერსიტეტთან ხვდებიან ირაკლი კობახიძეს და რუსულ კანონს აპროტესტებენ.
სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობის არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.