ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნათია კაპანაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძემ, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის მამაა, არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის სააპელაციო საჩივარი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნათია კაპანაძე ითხოვდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გაეუქმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ 2022 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სრულად დაეკმაყოფილებინა  მისი მოთხოვნები: გაეუქმებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს, ნათია კაპანაძეს გამოეცხადა უნდობლობა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; აღედგინა ნათია კაპანაძე თანამდებობაზე გათავისუფლებამდე არსებული პირობებით; აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ნათია კაპანაძის სასარგებლოდ დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიური 3300 ლარის ანაზღაურება 2019 წლის 19 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბათილად ყოფილიყო ცნობილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ, მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.

ნათია კაპანაძე აპირებს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭომ 2016 წლის 24 ოქტომბერს აირჩია 3 წლით. ის უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 თვით ადრე გაათავისუფლეს. მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცესი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა „ქართული ოცნების“ კვოტით გიგა ჩხარტიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით ირაკლი დარცმელიძემ წამოიწყეს. „ნაციონალური მოძრაობა“ დარცმელიძის ქმედებებს გაემიჯნა.

უნდობლობის გამოცხადების მიზეზებად დასახელებული იყო მათ შორის სატელევიზიო რეიტინგების კლება; პრიორიტეტების შეუსრულებლობა; საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა; დაუსაბუთებელი ხარჯები, დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემა. ეს ბრალდებები ნათია კაპანაძეს საქმის სასამართლო განხილვის დროს არ დაუმტკიცდა. 

არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებით, კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, ახალი საავტორო გადაცემები შეიქმნა და სატელევიზიო ბადე გამრავალფეროვნდა. აჭარის ტელევიზია გამოკვეთილად კრიტიკულად აშუქებდა ხელისუფლების საქმიანობას.

ნათია კაპანაძემ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ბათუმის სასამართლოში 2019 წლის აპრილშივე გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საქმის განხილვა სარჩელის შეტანიდან თითქმის 2 წლის შემდეგ დაიწყო, გადაწყვეტილება კი სამი წლის თავზე გამოაცხადა.

კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. არაერთმა ჟურნალისტმა კოხრეიძე მალევე დაადანაშაულა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ერეოდა, კრიტიკულ, დაუმორჩილებელ ჟურნალისტებს კი დევნიდა. მის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელია შეტანილი. ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა სასამართლო დავა მოიგო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).