რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, საქართველოში, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენები ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის სულ რაღაც 20%-ის ოდენობით უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უბრალოდ საბაბი იყო, რომ მთავრობის ძალისმიერი შეცვლის მცდელობა დაწყებულიყო. თავად კანონი რომ ავიღოთ და შევადაროთ, როგორც ბევრმა პოლიტოლოგმა გააკეთა ბოლო დღეებში, როცა თბილისში არეულობა დაიწყო, ის „ფერმკრთალდება“ იმასთან შედარებით, თუ როგორ რეგულირდება არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა აშშ-ში, საფრანგეთში, ინდოეთში, ისრაელში. ამ ყველაფრის ნახვა შეიძლება. გარდა ამისა, აშშ-ში მსგავსი კანონდარღვევისთვის - 250 000 დოლარამდე ჯარიმა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, საქართველოში კი განუზომლად მცირე თანხაა - დაახლოებით 9 ათასი დოლარი და არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა“.
ლავროვმა ფარისევლობა უწოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რიგ ქვეყანაში იგივე და ბევრად უფრო მკაცრი ნორმები არსებობს, ბატონმა ბორელმა თვალის დაუხამხამებლად განაცხადა, რომ კანონპროექტი, რომლის გატანასაც ქართველები, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. მოკლედ, რა თქმა უნდა, აშკარა ფარისევლობაა.
მთავრობამ, მმართველმა კოალიციამ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კანონს გაიწვევენ და როგორც გავიგე, გაიწვევენ საბოლოოდ და გამოუშვებენ არეულობის 170 თუ რამდენიღაც წამქეზებელს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეომტკიცებულებები იმ ძალადობისა, რომელიც მათ გამოავლინეს და რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიული ნორმების დარღვევას და იმსახურებს დევნას. ამის მიუხედავად, მთავრობამ ისინი გაათავისუფლა და ახლა უკვე, ოპოზიციონერებმა ყოველგვარი პაუზის გარეშე თქვეს: არა, თქვენ დათმობაზე მხოლოდ პირველ საკითხში წამოხვედით, ახლა კი გადადექით. დასავლეთის პოზიცია, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც პრეტენზიული ტონით აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“.
ლავროვის განცხადებით, საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, განვითარებული მოვლენები გარედან არის „ორკესტრირებული“ და არის სურვილი, რომ რუსეთის საზღვრებზე „გამაღიზიანებელი“ შეიქმნას.
„უფრო მეტიც, გამაღიზიანებელი ქვეყანაში, სადაც ახლანდელი მთავრობა, ისევე როგორც იანუკოვიჩის [უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში - რედ.] მთავრობა 2013 წელს, უპირველეს ყოვლისა ფიქრობს საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ ინსტერესებზე და უარს ამბობს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, რაც სულაც არ არის მოტივირებული იმით, რომ ისინი პრორუსი პოლიტიკოსები არიან, არამედ იმით, რომ რუსეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს, გაზის მიწოდებას, საპასუხოდ ღვინის, კონიაკის, „ბორჯომის“, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოწოდებას, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბიუჯეტში ლომის წილი შეაქვს“, - განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს ამ თანამშრომლობაზე უარის თქვას, თუმცა კი საკუთარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღებას აიძულებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ კი, იძულებული გახდა რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს და დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის გასაჩუმებლად გამოიყენება. კანონმა იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა უცხოური აგენტების ერთიან რეესტრში შეიყვანოს არაკომერციული ორგანიზაციები თუ ისინი უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და „პოლიტიკურ საქმიანობას“ ეწევიან. 2022 წლისთვის „უცხოური აგენტის“ ცნება იმდენად გაფართოებულია, რომ ის შეიძლება გამოყენებული იყოს თითქმის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ, განურჩევლად მოქალაქეობისა და ადგილსამყოფელისა, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ასეთი სუბიექტი „უცხოური გავლენის ქვეშ“ იმყოფება. 2022 წელს ადამიანის უფლებთა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული კანონი ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ გაერთიანების უფლებას არღვევს.