„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ არჩევნებისთვის გაერთიანდნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ლელო“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევენებისთვის გაერთიანდნენ. კოალიციას მომღერალი გიორგი უშიკიშვილიც შეუერთდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ახალი გაერთიანების პრეზენტაციაზე, რომელიც თბილისში, რიყეზე გაიმართა, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 26 ოქტომბრის არჩევნებს წყალგამყოფი უწოდა.

„ან ვიქნებით ჭაობში, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, მოქალაქეობა, დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. სწორედ ამისთვის, ყველა სხვა რაღაცასთან ერთად, საჭიროა ერთი რამ, რომელსაც ჰქვია ერთობა. ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ვერ დავაყენებთ ფეხზე. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. ვინც სხვანაირად ამბობს, ის არის ან გზააბნეული, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ეროვნული არჩევანია სწორედ ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ერთობით გავიმარჯვებთ აუცილებლად“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, სამი თვის წინ რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა პოლიტიკოსებს მისცა ხელისუფლების შეცვლის დავალება იმისთვის, რომ „მოხდეს საქართველოს საბოლოო დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი“.

„ეს დავალება ასი წლის წინ გასცა ჩვენმა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და ის, რომ მოგვეცეს ქართველებს საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მაშინაც და დღესაც, ერის არჩევანი იყო ევროპა.

დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს. ყველამ, ვინც აქ ვართ, შეიძლება რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები. დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი“, - განაცხადა დოლიძემ.

ლევან ცუცქირიძემ, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად „თავისუფლების მოედანი“ ორი კვირის წინ დააფუძნა, სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ცვლილებებს ითხოვს და ახალი გაერთიანების წევრებს აქვთ ამბიცია, რომ ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები იქნებიან. ცუცქირიძის განცხადებით, მათ ქვეყანაში მინიმუმ სამი რამ უნდა შეცვალონ:

„პირველი - ჩვენ უნდა დავასრულოთ ცინიზმის, ზიზღის, შურის, ქილიკის და შეურაცხყოფის ეპოქა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ გვჭირდება ნირმალური პოლიტიკური ცხოვრების აღდგენა. თუკი ჩვენ მოვახერხებთ ამას, მაშინ გავხნით პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანისთვის და პოლიტიკას გავხდით ქვეყნის განვითარების მთავარ შემოქმედად.

მეორე, რაც უნდა დავასრულოთ, რაც უნდა შევცვალოთ ამ ქვეყანაში, არის ტყუილისა და მლიქვნელობის ეპოქა. „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის პარტია, თავს იწონებს იმით, რომ ეკონომიკა 20-25%-ით გაიზარდა. მივმართავ მსმენელებს, რომელიმე თქვენგანის ცხოვრება გაუმჯობესდა ¼-ით მაინც ამ ბოლო დროს? კი, ცხოვრება გაუმჯობესდა ვიღაცისთვის, მაგრამ ეს ვიღაცა „ქართული ოცნების“ ელიტაა, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება.

ესამე არის ის, რომ უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და უნდა დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატია საქართველოში. ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ეს ახალი კოალიცია, ერთობა სწორედ ამის ნიშანია. ჩვენს შორის შესაძლოა ბევრი განსხვავება იყოს, მაგრამ ფუნდამენტური ფასეულობები, ხედვა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარების, არის საერთო და ეს ფუნდამენტი არის, მემგონი, არის ძალიან მყარი“, - თქვა ცუცქირიძემ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კოალიციებს ქმნიან:

  • „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დააფუძნეს, რომელსაც პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია შეუერთდნენ.
  • ცალკე გაერთაინდნენ „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. სამი პარტიის ალიანსის სახელწოდება ჯერ შეთანხმებული არ არის.

წინასაარჩევნო კამპანია მმართველმა პარტიამაც დაიწყო. 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პარტიას „განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება“ სჭირდება იმისთვის, რომ „საბოლოოდ დაასრულოს ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).