ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერდება, თუ მთავრობა გონს არ მოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მიღება ნიშნავს „რუსული კულტურის, რუსული მოქმედების ხერხის ქართულ სივრცეში გადატანას“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ის საქართველოს აგდებს უკან ევროინტეგრაციის გზაზე. ასე სვლით ისინი რეალურად უკან წავლენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილია. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა, დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოვა“, - ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გიტანას ნაუსედამ ამის შესახებ ვილნიუსში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნაუსედა იმედოვნებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება თავის მიზნებს მიაღწევს: „მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, იბრძოლონ ამ სახის მცდელობების წინააღმდეგ და ევროპა მათ ამაში უნდა დაეხმაროს. საქართველოს დღეს აქვს შანსი. ასე რომ, მივცეთ საქართველოს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საშუალება მივცეთ მის სამოქალაქო საზოგადოებას, იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტი მხარს არ უჭერს ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერების შესახებ და მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოებას გააწბილებს:

„კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ერთი ნაბიჯია ევროინტეგრაციის კიბეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა უნდა წამოვიწყო ისეთი რამ, რაც საქართველოს უკან დახევს, რადგან ეს, ალბათ, დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ამჟამად ქუჩაში გამოდის და პროტესტს გამოხატავს“.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონის განმეორებით მიღების მცდელობას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაარბია. მმართველი პარტია რეპრესიული კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებას 13 მაისის კვირაში ეცდება.

31 ევროპარლამენტარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს და გადახედოს სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებას. თავად ბორელმა არაერთხელ თქვა, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და მისი „საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).