„მკვლელობა არაკორექტული ტერმინია“ - გალუზინი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა მესაზღვრეები მოქმედებენ იმ წესების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილია?! ასე რომ, ამის მკვლელობად შეფასება არაკორექტული ტერმინია. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარგად განემარტა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გალუზინს თამაზ გინტურის მკვლელობაზე კითხვა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუსვა ჟენევაში, სადაც 5-6 დეკემბერს, საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი გაიმართა.

„საჭიროა რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის, მიზეზებისა და სათავეებისა, ისტორიისა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან, როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ.

რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ამიტომ საქართველო იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ.

რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია, რომელიც შეკითხვაში გამოიყენეთ, არაკორექტულია. საქმე ეხება არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას, რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამასთან, ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს. ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია. ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას. როდესაც მათ წესრიგისკენ მოუწოდეს, ამ ნაჯახით ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ. მესაზღვრეებმა მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები. ამის მიუხედავად, ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ მათ. თავიდან გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ უკვე მანქანის ბორბლების მისამართით“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

58 წლის თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს მოკლეს. მას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფელში მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი ოთხი დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. 7 ნოემბერს, ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს აჭედილი ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა.

კირბალში მდებარე ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით არის მოქცეული. აგვისტოში ოკუპანტებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს, რომ მომლოცველები ვეღარ შესულიყვნენ. მოკლული თამაზ გინტური რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე და წოდებით მაიორი იყო. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ის ამიტომაც მოკლეს.

კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 9 ნოემბერს გაათავისუფლა. დოთიაშვილმა მედიასთან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა და გაიხსენა, რომ ლომისის ეკლესიასთან რუს ჯარისკაცს კონფლიქტის გარეშე დაშორდნენ, თუმცა მოულოდნელად, ის მასსა და თამაზ გინტურს დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).