გორის რაიონის სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმამ დაასახელა ორი რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებმაც მისი თქმით, მკვლელობა ჩაიდინეს - ვასილ დემიდოვი და ნიკალაი იშენკო. მოკლულის ოჯახი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს სთხოვს, სოფელ კირბალში პოლიციის საგუშაგო მოეწყოს, რომ ასეთი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სანდო წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მკვლელი ეს ორი სამხედროა. ისინი არიან დამნაშავეები და მოვითხოვ მათ დასჯას. საქართველოს უნდა გადმოსცენ და აქ უნდა გასამართლდნენ. მას შემდეგ, რაც ამ პირების ვინაობა დავასახელე, არავინ მოსულა სამართალდამცავი ორგანოებიდან ადა არაფერი უკითხავს. რამდენი გმირი მოკლეს, დახვრიტეს - ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გარეთ არიან მათი მკვლელები. იციან, ვინც არიან, ახლაც იციან, ვინ არის ჩემი ძმის მკვლელი, არც მათ დასჯიან“, - ამბობს თამაზ გინტური ძმა.
მისივე თქმით, აუცილებელია სოფელში პოლიციის საგუშაგო გაიხსნას.
„ამის მერე უფრო გაუარესდება მდგომარეობა. ვიდრე ტერიტორიებს დავიბრუნებთ, ჩვენი თანასოფლელები იქით რომ არ გადავიდნენ, დაცვა უნდა გაძლიერდეს. რუსი ოკუპანტები ხაზს აქეთაც გადმოდიან და აქაურებს იტაცებენ“, - განაცხადა გივი (ნიკოლოზ) გინტურმა.
58 წლის თამაზ გინტური რუსმა სამხედროებმა იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. მას ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მასთან ერთად მყოფი, ამავე სოფლის მცხოვრები 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ.
7 ნოემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ტელევიზიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ გახსნეს აჭედილი ეკლესიის კარი თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა. რუსმა სამხედროებმა ის სწორედ ამის შემდეგ მოკლეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, დაკავების მცდელობისას გინტურმა და დოთიაშვილმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს. „საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შეჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფიქსირებულია მესამე პირიც, სოფელ კირბალის მკვიდრი თამაზ პაპიტაშვილი. მისი თქმით, ის, ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, რის შემდეგაც ლომისის ეკლესიაში ასვლა და სანთლების დანთება გადაწყვიტეს. ეკლესიის კარი აჭედილი დახვდათ. დაინახა, როგორ გახსნეს დოთიაშვილმა და გინტურმა კარი, თუმცა მან გადაწყვიტა ტერიტორია დაეტოვებინა.
„მოდი, რისი გეშინიაო და მე ვუთხარი, არა გრცხვენია, სალოცავი არ დაამტვრიოთ მეთქი. ერთი ეს ვუთხარი, მოვტრიალდი და წამოვედი. აღარაფერი დამინახავს იმის მერე, უკან არც მიმიხედია.
რუსს რომ დავენახე იქ გამაჩერებდა?! ან არ მომკლავდა ან არ წამიყვანდა?! არავინ დამინახავს. სოფელში რომ ჩამოვედი, გასროლის ხმა მაშინ გავიგონე. მერე ხალხი ავიდა, სასწრაფოც მოვიდა, პოლიციაც“, - იხსენებს პაპიტაშვილი.
კირბალში მდებარე ლომისის ეკლესია საოკუპაციო ხაზს იქით არის მოქცეული. აგვისტოში ოკუპანტებმა ეკლესიის კარი თუნუქის ფირფიტით აჭედეს, რომ მომლოცველები ვეღარ შესულიყვნენ.
მოკლული თამაზ გინტური რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე და წოდებით მაიორი იყო. ადგილობრივები ამიტომაც ფიქრობენ, რომ რუსი სამხედროები მას ჩაუსაფრდნენ და განზრახ მოკლეს.
თამაზ გინტურს მკვლელობის შემდეგ ომის დამნაშავე უწოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.
„როგორც ვიცით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია ტიფლისელ პროვოკატორებს ჩაუვარდათ ხელში. როგორ და საიდან მოხვდა მათ ხელში ეს ინფორმაცია, ცალკე საუბრის თემაა. დაე, ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და თავის ხალხს ღალატობს. ქართველი რადიკალები ავრცელებენ პერსონალურ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების შესახებ და ასევე პირად ინფორმაციას მათი ოჯახის წევრების შესახებ. ასეთი საზიზღარი ქმედებები არ შეგვაშინებს. იცოდნენ მათ, ვინც აგროვებს და ავრცელებს ამ მონაცემებს, რომ არც ჩვენს და არც რუს მესაზღვრეებს და არც მათი ოჯახის წევრებს არავის დავაჩაგვრინებთ“, - წერს კოკოითი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რუსეთის საოკუპაციო ძალისგან გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაბრუნებას და თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.
„მიუღებელი და ამორალური არის ის ქმედება და ის საქციელი რომელიც ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან.
მე მახსენდება ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ არ მახსენდება ასეთივე აჟიოტაჟი, რომელიც დღეს ატეხეს.
სამწუხაროდ, საუბედუროდ ბატონი გარდაცვლილი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც, წინა ხელისუფლების დროს 2009, 2010, 2011 და 12 წელში, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონოდ დაკავების, წამებისა და მოკვლის და რატომღაც აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და ეს მძიმე მემკვიდრეობა, რაც მათ დაგვიტოვეს, ოკუპაცია, ბორდერიზაცია არის მათი მმართველობის შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 ნოემბერს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.
„ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.