მთავრობა ყურძნისა და ვაშლის შემდეგ თხილის წარმოების სუბსიდირებას იწყებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი. თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოების. მოგეხსენებათ, რომ წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო. ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული. ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს, დავეხმაროთ მაქსიმალურად, - ასე ახსნა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თხილის წარმოების სუბსიდირების დაწყება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განმარტა, რომ 2017 წელს, აზიური ფაროსანას გავრცელების შემდეგ, თხილის კულტურას გარკვეული პრობლემები შეექმნა, როგორც მოსავლიანობის, ასევე  ხარისხის  კუთხით, მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტიც.

„სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.  ჩვენ, ეტაპობრივად,  2019 წლიდან, გავზარდეთ მოსავლიანობა და გაიზარდა ექსპორტიც. 2021 წელს, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 15  მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამოც ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობა შემცირდა; ასევე შემცირდა ხარისხი; საექსპორტო ღირებულების და ზოგადად  მოთხოვნის შემცირებიდან  გამომდინარე, ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს, რომ მათ, მომავალ წელს, გაზაფხულიდან შეძლონ  განახორციელონ ყველა ის  საჭირო ღონისძიება, რომელიც ხარისხიანი მოსავლის  მისაღებად არის აუცილებელი. 

ყველა  ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე  ფართობი აქვს საკუთრებაში ან  სარგებლობაში,  მიიღებს, 1 ჰექტარზე  დაანგარიშებით,  500   ლარის ოდენობით დახმარებას, აგრობარათზე დარიცხული ქულების სახით.

დახმარების გამოყენებას ფერმერები შეძლებენ იმ სხვადასხვა  საქონლის შესასყიდად,  რომელიც საჭიროა თხილის  მოვლისთვის, რითაც ხელს შევუწყობთ თხილის  მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, სამი ჰექტრიდან ზევით თხილის ფართობის მქონე ფერმერებიც მიიღებენ შეღავათებს და მათ მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით  საბრუნავი საშუალებებისთვის.

„ჩვენ ფერმერებს დავუფინანსებთ სესხის დაახლოებით 8 პროცენტს. ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას. პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ გავაკეთებთ თხილის კადასტრს ჩვენი შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით; შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება ინფორმაცია, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი რა ფართობის თხილს ფლობს. ინფორმაცია გვექნება ჯიშებზეც, რაც ანალიზის გაკეთების და სექტორის მხარდასაჭერი შესაბამისი ღონისძიებების გატარების საშუალებას მოგვცემს“,  - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 2022 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 90.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.1 ათასი ტონით (26%), ხოლო ღირებულება 7.4 მლნ აშშ დოლარით (9%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (8,157 ტონა), გერმანიაში (3.719 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

მთავრობა ყურძნის და ვაშლის სუბსიდირებასაც ახორციელებს. არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.24 ლარად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო გასცემს სუბსიდიას 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე - 0.10 ლარის ოდენობით.

წელს 150 მილიონი ლარი გამოყო რთველის სუბსიდირებისთვის. საწარმოს, რომელმაც მევენახისგან  რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენი არანაკლებ 90 თეთრად შეისყიდა, სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 35 თეთრი გადაუხადა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).