ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე ხელმძღვანელობის გადაბარებიდან მესამე დღეს, პირველი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. რუტე კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკსკის შეხვდა და რუსეთთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მარკ რუტე ალიანსის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იყო და ამ რანგში, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ოთხჯერ იმყოფებოდა.
„ჩემთვის, როგორც ნატოს ახალი გენერალური მდივნისთვის, პრიორიტეტი და პრივილეგიაა, გავაგრძელო მხარდაჭერა და ვიმუშაო თქვენთან ერთად უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
ვოლოდიმირ, ეს ადრეც ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, თქვენი დაუღალავი ხელმძღვანელობა შთაგონებაა ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის.
თქვენი შეიარაღებული ძალების თავდადება და უკრაინელი ხალხის მონდომება გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მის დასაცავად.
... სწორედ ამიტომ ვართ ასე ერთგულნი უკრაინის მხარდაჭერისადმი - რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ასახავს ჩვენს ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა მარკ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მოკავშირეები ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ისინი შეძლებენ უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას - მეტი აღჭურვილობით, მეტი სწავლებით, მეტი მხარდაჭერით.
„მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ ფინანსურ ვალდებულებაზე. 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება წლის განმავლობაში, რაც ყოველწლიურად გადაიხედება იმ საჭიროებების მიხედვით, რაც უკრაინის გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. ჩვენ ვიცით, რომ საჭიროება გადაუდებელია და ბევრს ვმუშაობთ, რომ გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. რამდენიმე მოკავშირემ გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. ეს არის დანიის, ლატვიის, გაერთიანებული სამეფოს ახალი კონტრიბუცია და შეერთებული შტატების თითქმის 8 მილიარდი დოლარის დახმარება“, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.
დასასრულს მარკ რუტემ თქვა, რომ უკრაინა ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს და ეს დაახლოება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანა ალიანსის წევრი არ გახდება.
„მოუთმენლად ველი ამ დღეს. ნატო დგას უკრაინის გვერდით, თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა მარკ რუტემ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოსთან ურთიერთობების მთავარ პრიორიტეტად მიაჩნია უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მოწვევის მიღება, თუმცა ესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება.
„უკრაინა ფოკუსირებულია ნატოში უკრაინის მიწვევაზე, მაგრამ ამის მიღწევა რთულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მივიღოთ“, - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი - გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი - უცვლელი რჩება.
„უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
იენს სტოლტენბერგმა ნატოს გენერალური მდივნის უფლებამოსილება მარკ რუტეს 1-ელ ოქტომბერს გადააბარა. ჰელსინკში გამართულ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას რუტემ საასახელა სამი მთავარი მიმართულება, რაც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება: ძლიერი ნატოს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა; უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატოსთან დაახლოება; პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ.
მარკ რუტე ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნამდე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იყო 2010-2024 წლებში. ის ნიდერლანდების ისტორიაში პირველი პრემიერია, ვინც ამ პოსტს ყველაზე მეტ ხანს, 13 წლის განმავლობაში იკავებდა.