პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ დროისთვის ბათუმის ორგანიზაციის 9 წევრმა, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი კირთაძემ და ბათუმის საკრებულოს ფრაქციის 7-მა წევრმა დატოვა. როგორც მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„ყველა მცდელობა გვქონდა პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ საბოლოოდ პასუხად მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება და 2024 წლის ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ წარდგება ისე, როგორც დღეს არის. ურთულესი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. როცა იდეებისგან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს“, - თქვა გიორგი კირთაძემ.
როგორც ბათუმის ორგანიზაციის კიდევ ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ასახავს „ქართული ოცნების“ ალტერნატივას: „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, თავისი შინაარსითა და ფორმით, სამწუხაროდ, არაფრით განსხვავდება იმ პარტიისგან, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ვართ წლების განმავლობაში. ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაგრამ თითოეულ ჩვენგანს იხილავთ ბრძოლის ველზე რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში“.
პარტიიდან წასულები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.
27 ნოემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკა მელია ამ პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია.
28 ნოემბერს პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისის, ამბროლაურის, ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2023 წლის იანვარში აირჩიეს. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატია. ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კეზერაშვილ-მერაბიშვილს შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევის მცდელობასა და არაფორმალურ გავლენებში ადანაშაულებდა.
