ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ რამაზ ბეღელურს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აპრილის ბოლოს გაიტაცეს და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
რამაზ ბეღელურისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ მის დედას, ნორა ბეღელურს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
„ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე და ჯერ კიდევ ვიმუშავებთ, რომ იქნებ დროულად მოხდეს მისი გათავისუფლებაო. ავად არის [რამაზ ბეღელური], ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, - უთხრა „მთავარ არხს“ ნორა ბეღელურმა.
40 წლის რამაზ ბეღელური საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. მისი ბოლო დაკავება აპრილის ბოლოს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეებში მოხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ოჯახისა და თანასოფლელების ინფორმაციით კი, რამაზ ბეღელური იმ დროს დაიჭირეს, როდესაც სოფლის სასაფლაოზე იყო და ძმის საფლავს ასუფთავებდა.
რამაზ ბეღელური საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წლის 2 თებერვალსაც დააკავა. 31 მარტს, ცხინვალის სასმართლომ ის ე.წ. საზღვრის დამრღვევად სცნო და ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე 2-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გათავისუფლებიდან ერთი თვე არ იყო გასული, როდესაც რამაზ ბეღელური კომაში ჩავარდა და ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს.
ამჟამად ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება. 5 ივნისს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სასამართლომ 35 წლის გიორგი მოსიაშვილი დამნაშავედ ცნო „საზღვრის“ უკანონო კვეთაში და მას ორი წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. გიორგი მოსიაშვილი საჩხერის სოფელ პერევის მცხოვრებია. ის 2023 წლის 31 ოქტომბერს ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
