ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო დელეგაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები გამოირჩეოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მაღალი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენით, ღრმა ანტაგონიზმით, ერთი მხრივ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას, ხოლო მეორე, მხრივ, მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის.
დელეგაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია არჩევნებამდე და კენჭისყრის დღეს „პარტიული დაშინების ფართოდ გავრცელებული კლიმატით“, განსაკუთრებით სოფლებში, ასევე კითხვებით, რომლებიც კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ზოგიერთი სამთავრობო უწყების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ეხება.
„ჩვენი დასკვნები, რომელიც ეფუძნება წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის დაკვირვებებს, ისევე როგორც არჩევნების შემდგომ ადგილობრივი დამკვირვებლების სანდო და თანმიმდევრულ ანგარიშებს, იწვევს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორის შესახებ, კერძოდ, ნამდვილად ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას.
გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, საარჩევნო გარემო უზრუნველყოფდა თუ არა აუცილებელ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი დაშინებისა და ზედმეტი ზეწოლის გარეშე.
ეს აისახა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეაქციაში, რომლებმაც ღრმა უნდობლობა გამოხატეს როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და კვლავაც სადავოს ხდიან არჩევნების შედეგს“, - ნათქვამია PACE-ს არჩევნების დაკვირვების ანგარიშში.
ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ არჩევნების დღეს ეხება, მოხვდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე PACE-ს გუნდის დაკვირვებისას მომხდარი „მიუღებელი ინციდენტი“:
„40-მდე არამეგობრულად განწყობილი ადამიანის ჯგუფმა საარჩევნო უბანთან მიზანმიმართულად გაანადგურა გუნდის მანქანა. საბურავი გახვრეტილი იქნა და დამნაშავეები ცდილობდნენ, ეს წარმოეჩინათ როგორც უბედური შემთხვევა უკვე დაზიანებული მანქანისთვის ძველი ავტომობილის განზრახ შეჯახებით“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ PACE-ს დამკვირვებელთა ერთ-ერთი ჯგუფი ხმების მოსყიდვის მოწმე გახდა, ხოლო მეორე ჯგუფმა მიიღო სარწმუნო ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების ორგანიზებულად ყიდვის შესახებ, თითო ხმაზე 50 ლარის გადახდით.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ საარჩევნო უბნების შიგნით ვითარების გაკონტროლებას და ერეოდნენ კიდეც PACE-ს დამკვირვებლებისა და სხვა აკრედიტებული დამკვირვებლების საუბარში, მოითხოვდნენ ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმანს.
PACE-ს ერთ-ერთმა ჯგუფმა დააფიქსირა საარჩევნო უბნების გარეთ გაჩერებული მიკროავტობუსები, რომლებშიც ბევრი ადამიანი იჯდა. ანგარიშის მიხედვით, უბანზე პარტიის დამკვირვებლები და გარეთ მყოფი ბრბოს წევრები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ მიკროავტობუსებში მყოფ ადამიანებთან, „რომლებიც, როგორც ჩანს, ასრულებდნენ დავალებებს“, რაც „სავარაუდოდ მოიცავდა ამომრჩეველთა მონიტორინგს ან დათვლას“.
რამდენიმე გუნდმა, განსაკუთრებით მათ, რომლებიც კენჭისყრას სოფლებში აკვირდებოდნენ, დააფიქსირეს ამომრჩეველთა დაშინების ფართოდ გავრცელებული მოდელი - როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო უბნებში შედიოდნენ მმართველი პარტიის გავლენიანი პირების თანხლებით.
სადამკვირვებლო მისია ხაზს უსვამს იმ საკითხებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეარყიეს საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და ეჭვქვეშ დააყენეს მისი შედეგების ლეგიტიმაცია:
- საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა: საარჩევნო პროცესში ბოლო წუთებში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია სერიოზული შეშფოთება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი იყო კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა იმ საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში, რომლებიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მოინახულეს. ამ საკითხმა ძირი გამოუთხარა არჩევნების მთლიანობას.
- სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაცია: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ მიუღებელი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში განხორციელებულმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა გააჩინა კითხვები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და შეარყია ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ.
- არათანაბარი სათამაშო მოედანი: არჩევნების სამართლიანობას არღვევდა პოლიტიკურ პარტიებს შორის არათანაბარი კონკურენციის პირობები, რომელიც აშკარა უპირატესობას ანიჭებდა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რითაც შეიქმნა არათანაბარი სათამაშო მოედანი. მედიასაშუალებების არათანაბარი ხელმისაწვდომობა და მედიის პოლარიზაცია კიდევ უფრო აფერხებდა დაბალანსებულ წარმომადგენლობას და ინფორმაციის გავრცელებას, რაც ამომრჩევლების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას ართულებდა.
- დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი აფერხებდა ღია მონაწილეობას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული ხმების სტიგმატიზაციას. არჩევნების დღეს დაშინებამ, როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, შეარყია ამომრჩეველთა უსაფრთხოების განცდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ჟურნალისტები განიცდიდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას და შევიწროებას. განსაკუთრებით ხშირი იყო ცნობები საჯარო სექტორში დასაქმებულებისა და ეკონომიკურად დაუცველი მოსახლეობის დაშინების, იძულების და არასათანადო ზეწოლის შესახებ.
- კონტროლირებადი გარემო: მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო უბნებზე კამერების დაყენებით, რაც ხშირად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობის წესს, შეიქმნა ატმოსფერო - „დიდი ძმა გიყურებს“. ამან ამომრჩევლებსა და აქტივისტებში გამოწვია განცდა, რომ მათზე ზედამხედველობა ხორციელდებოდა, რამაც გაამწვავა ამომრჩეველთა პოტენციური კონტროლის ატმოსფერო და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის დაქვეითება.
- დემოკრატიული უკუსვლა: ბოლოდროინდელმა კანონმდებლობამ, რომელიც ზღუდავს გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებს, განსაკუთრებით არჩევნების წინ და მის დროს, ისევე როგორც გენდერული კვოტების გაუქმების ნეგატიურმა ზემოქმედებამ, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას.
PACE-ს დელეგაციის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის მიერ მომზადებული ანგარიში საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ 28 ნოემბერს დაამტკიცა. დოკუმენტთან დაკავშირებით დებატები ასამბლეის პლენარულ სხდომაზე 27 იანვარს გაიმართება.