პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე, 6 წლის ვადით, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აირჩია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
იოსელიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დამსწრე 99 დეპუტატიდან 96-ის მხარდაჭერა მიიღო. წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა. სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ერთადერთი კანდიდატი იყო. პარლამენტისადმი მიმართვისას მან აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში დაეკისრა პასუხისმგებლობა, რომელსაც აცნობიერებს.
„მინდა ყველა თქვენთაგანს, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ, მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ტრიბუნასთან გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა - თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე გაუძლეს უპრეცედენტო წნეხს, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და ამის მიუხედავად, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და უერთგულეს თავიანთ პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში; ქალების, რომლებიც უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია ძალიან საპატიო სახელი - „სახალხო დამცველი“, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ლევან იოსელიანის პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობაში მისი მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეს.
„ლევან იოსელიანი იყო ერთადერთი კომპრომისული ვარიანტი, რომლის გარშემოც შესაძლებელი იყო 90 ხმის შეგროვება. ერთადერთი კომპრომისული ვარიანტი და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა პიროვნული თვისებებისა, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. მე ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი და იქნება სწორედ სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას“, - აღნიშნა კობახიძემ.
სახალხო დამცველის არჩევის პროცესი „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ევროკომისიის12-პუნქტიან მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, „მათ შორის, იმ გზით, რომ დანიშვნის პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური, რომ ამ პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით“.
„სახალხო დამცველის პოსტზე უკონკურენტოდ ერთი ადამიანის დამტკიცება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაერთ კვალიფიციურ კანდიდატს უარი ვუთხარით იმიტომ, რომ როდესღაც პოლიტიკური შინაარსის პოსტი ჰქონდა დაწერილი და დღეს ამ პოსტზე ამტკიცებთ პოლიტიკური პარტიიდან მოსულ კანდიდატს, არ იქნება ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება. ცხადია, ჩვენი მხარდაჭერა ამ კანდიდატს არ ექნება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
თავიანთი მოტივაცია ლევან იოსელიანის მხარდამჭერმა დეპუტატებმა - ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამაც განმარტეს. მათ ამ პროცესში კომპრომისის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„დიახ, მე მირჩევნია მყავდეს არჩეული სახალხო დამცველი და არა მოვალეობის შემსრულებელი. თუ კომპრომისს ვერ მივაღწევთ ეს ასე იქნება. ყველაზე კრიტიკულ დროს, როდესაც ეს პროცესები მიდის საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე ხდება, თავი რომ დავანებოთ ევროპულ რეკომენდაციას. მიუხედავად თქვენი სურვილისა, რომ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წახვიდეთ, მე არ მოგცემთ ამ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას ვიღებ იმ არჩევანზე, რომელსაც ვაკეთებ“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.
2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა 19 კანდიდატიდან სახალხო დამცველად ვერცერთი ვერ აირჩია.
ლევან იოსელიანი პარლამენტის წევრი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. 2018-2020 წლებში იყო ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი, 2008-2016 წლებში კი საკუთარი იურიდიული კომპანია ჰქონდა. ლევან იოსელიანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, არის ჩიკაგოს სამართლის მედიაციის პროგრამის მედიატორი.