საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რატომ ითხოვს მისი ორგანიზაცია 2263 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მისი თქმით, არსებობს ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის სისტემური და ინდივიდუალური დარღვევა. ინდივიდუალური შემთხვევებია, როდესაც ამომრჩეველს კაბინაში ვინმე შეყვება და მისი არჩევანის კონტროლი შეუძლია, ან ამომრჩეველი თავად ამჟღავნებს არჩევანს, ან კომისიის წევრი ართმევს ბიულეტენს, ხსნის ჩარჩო კონვერტს და ხედავს არჩევანს და ა.შ. თუ ამგვარი დარღვევები ხშირი არაა, დამკვირვებლები უბნის შედეგების ბათილობას არ ითხოვენ.
„არსებობს ფარულობის იმ ტიპის დარღვევა, როდესაც არჩევნების ინფრასტრუქტურა იმგვარია, რომ ფარულობის დაცვას სისტემურად ვერ უზრუნველყოფს. საიას მიდგომა ამგვარია - ინდივიდუალური შემთხვევები, თუ ის კონკრეტულ უბანზე განმეორებადი ქცევა არ არის ან სხვა დარღვევებთან კომბინაციაში არ გვხვდება, უბნის შედეგების ბათილობის საკითხს არ აყენებს დღის წესრიგში.
თუმცა, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე არჩევნები ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ფარულობა არჩევნების მთავარი პრინციპია.
როდესაც სადამკვირვებლო მისია გაქვს, კენჭისყრის დღის სპეციფიკა იმგვარია, რომ დილიდან უბნებიდან დამკვირვებლების მიერ შემოსული ინფორმაციის აღრიცხვას იწყებ. დღის განმავლობაში თუ ცალკეულ უბნებზე არსებულ დარღვევებს წარუდგენ საზოგადოებას, თანდათან იწყებ დარღვევების მასშტაბების გამოკვეთას და მის ანალიზს. ასე მოხდა ხმის ფარულობასთან დაკავშირებითაც. დღის განმავლობაში შემოდიოდა ინფორმაცია უბნებზე კამერების შესახებ, ასევე, ცალკეული შემთხვევები უბნებიდან, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა კვალი. დღის ბოლოს, როდესაც მათ შორის, ხმის დათვლა დასრულდა, მიღებული ინფორმაცია გვაძლევდა იმ სურათს, რომ ხმის ფარულობის პრობლემა სისტემურად დაგვენახა და სწორედ ამიტომ, საიას მისიის კენჭისყრის დღის განცხადებაში სამი ძირითადი დარღვევის პატერნიდან (ხასიათიდან) ერთ-ერთი იყო ფარულობის დარღვევის ეს ფორმა. დანარჩენი ორი იყო მარკირების პროცედურების დაუცველობა და დამკვირვებლებისათვის მტრული გარემოს შექმნა“, - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.
საიას ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ორგანიზაციას ხმის ფარულობის სისტემურ დარღვევებზე სამართალწარმოების გამოცდილება არ ჰქონდა, რის გამოც დიდი დრო დასჭირდათ შესაბამისი სტრატეგიის შესამუშავებლად.
„ჩვენი ვალდებულება იყო გვეპასუხა ფარულობის დარღვევის სისტემურ პრობლემაზე. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჰქონია გამოცდილება, ფარულობის დარღვევის ასეთ სისტემურ პრობლემაზე სამართალწარმოება დაეწყო, დავის ამ სტრატეგიამდეც გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე მივედით. მესმის, რომ არ არის მარტივი, როდესაც ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო ამომრჩევლის ხმების 90%-ის ბათილობას ითხოვ, თუმცა, ამის გასაჩივრებაზე უარის თქმა, მაშინ, როდესაც მისი მასშტაბები დაინახე, იქნებოდა თვალის დახუჭვა ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლების დარღვევაზე.
ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ იმ 2263 უბანზე, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ, ვინმემ ზუსტად იცის, თითოეული ამომრჩევლის არჩევანი რა იყო. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ ბიულეტენი მეორე მხარეს ტოვებდა კვალს, რაც შეცურებისას არღვევდა ფარულობის პრინციპს.
ისმის მოსაზრებები, რომ თუ სწორად მოათავსებდა ამომრჩეველი კონვერტში ბიულეტენს, გაფერადებული უკანა მხარე არ გამოჩნდებოდა. ეს არასწორი არგუმენტია, რადგან ბიულეტენი არ ცურდება კონვერტთან ერთან ან იმ სისწრაფით, რომ კონვერტიდან როდესაც აპარატში შეცურებას იწყებს, გაფერადებული წრის დანახვა ვერ მოასწრო. ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები, რომ შეცურებისას საცდელი წრის შემდგომ, მეორე გაფერადებული წრეც (პარტიისთვის მიცემული ხმა) ჩანს. გარდა ამისა, ზოგჯერ აპარატი ბიულეტენს არ იღებს და უკან აბრუნებს, ეს ბიულეტენები ხელახლა უნდა შეაცუროს ამომრჩეველმა აპარატში. როდესაც ეს ბიულეტენი უკან ბრუნდება, ის რა თქმა უნდა, ჩარჩო კონვერტის გარეშეა და ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტში სწორად ჩადო თუ არა, ამ შემთხვევას ვერ აზღვევს.
ჩვენ არ ვდავობთ იმაზე, ცესკომ 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი შეიძინა თუ არა, ჩვენ არ ვართ ქაღალდის ექსპერტები, რომ ამ ტერმინებით მივხვდეთ, ეს ფარულობას დაარღვევს თუ არა, მით უფრო, მარტო ქაღალდიც არაფერს გეუბნება თუ არ იცი მარკერის პარამეტრები და არც მარკერის სპეციალისტები ვართ. ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია“, - ამბობს ქურდოვანიძე.
საიამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკები არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და მიმართა ცესკოს, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები მიეღო. 28 სექტემბრის წერილით ცესკომ საიას აცნობა, რომ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.