საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ თანამშრომლების ნაწილი მენეჯმენტისგან ითხოვს, დღის ეთერი დაეთმოს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიებს და არა ფილმებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
სხვადასხვა რედაქციის წარმომადგენლებმა დღეს, 23 დეკემბერს, მაუწყებლის შენობის კიბეებზე პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, სატელევიზიო ეთერში, რომელიც რეგიონებში ინფორმაციის ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა, მაყურებელი ხედავს სერიალებს, უცხოურ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს.
„მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური, მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში, ნების შემთხვევაში, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება დღის რამდენიმესაათიანი ეთერის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ მშვენიერაძემ.
„მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არგუმენტი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ტექნიკურად არ შეულძია რაიმე დავალების შესრულება, კრიტიკას ვერ უძლებს.
„დღეს „პირველი არხის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტკა ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ ამოცანებსა და საჭიროებებს. „პირველი არხი“ აცხადებს, რომ საგანგებო რეჟიმში ვმაუწყებლობთ. ერთადერთი დრო, როდესაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადადის საგანგებო რეჟიმზე, არის მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.
ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, ჩვენ გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ერთადერთი, რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ. გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დღეში სულ მცირე სამჯერ მაინც იგივენაირი ეთერი შევასრეულოთ, როგორიც არის ის, რასაც დღეს ე.წ. საგანგებო ეთერი ჰქვია“, - თქვა ჩიქოვანმა.
ამ პოზიციას იზიარებს რეჟისორი კახა მელიქიძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ პანდემიის დროს, ორ კვირაში შეძლეს ახალი არხის, „ტელესკოლის“ გაკეთება. „მინიმუმ ოთხკაციანი სტუდიის აწყობა შეგვიძლია უპრობლემოდ, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან, რათა ხალხმა გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა რეჟისორმა.
„პირველი არხის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ დღის ეთერის გახსნას ითხოვენ მას შემდეგ, რაც 28 ნომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
დეკემბრის დასაწყისში, პროტესტის შედეგად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „საგანგებო ეთერი“ გამოაცხადა, რომელიც 22:00 საათზე იწყება და პროევროპულ აქციებს ეთმობა. ე.წ. საგანგებო ეთერში ჩნდებიან აქციების მონაწილეები, პოლიტოლოგები, სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები, ვისაც მანამდე „პირველი არხზე“ არ იწვევდნენ. არხის წარმომადგენლები „შავი სიების“ არსებობას უარყოფენ.