საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეობა შეიწყვიტოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-ის მიერ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან [ФСБ] თანამშრომლობაშია [ჯაშუშობაში] მხილებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. მივიჩნევ, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 22 სექტემბერს. მანამდე, 19 სექტემბერს, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პრეზიდენტს, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა 20 სექტემბერს გაუგზავნა.
„აქაც ჩანს საბოტაჟის ინტერესი. ჩვენ ვამბობდით, რომ იმ პირობებში, როდესაც ფარცხალაძეს უწყდება მოქალაქეობა, უხერხულობის ყველანაირი საბაბიც კი იხსნება - ეს იყო ჩვენი განცხადება.
როგორც ჩანს, პრეზიდენტის სურვილია, რაღაც საბაბი დატოვოს უხერხულობებისთვის და სახელმწიფოს შეუქმნას უხერხულობები ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით, რაც ასევე წარმოუდგენელია.
მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაარღვია კანონი“, - თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.
პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები.
მითუფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას“, -ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის არჩევასაც გამოეხმაურა: „ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ. სამივე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. მათ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათელა თურნავამ 19 სექტემბერ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, რომელიც კომერციულ ბანკებს აღარ ავალდებულებდა, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე სანქციები გაევრცელებინათ.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია აშშ-ს მიერ. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.