პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ითხოვს. ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უნდა დაუბრუნდეთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის მიერ მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებით დიდი არაფერი შეცვლილა.
„ჩვენი თანამემამულეების მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებული, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდეს. საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ, ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს. მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება. ასევე, მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი.
ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე
ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე. მთავარია, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ნამდვილ, არსებით ცვლილებებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, ამ კუთხით პარლამენტში ინიციატივა წარადგინონ. „ეს არის საკითხი, რომელიც ყველას ეხება. რომ ჩვენ ვთვლით, ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან და გვინდა, მათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული. ჩვენ უნდა გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, ჩვენ გცნობთ და გვინდა, გახდეთ საქართველოს მოქალაქეები, დაიბრუნოთ და აღიდგინოთ მოქალაქეობა. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი და თქვენი ერთობლივი მომავალი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
1-ელ ნოემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 84 ხმით, ერთხმად მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, რაც ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების ათწლიანი ცენზი ხუთ წლამდე შემცირდება, რითიც იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.
„ზოგადად არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში. ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა ამ ცვლილებას, მაგრამ როგორ ჩანს, შინაარსში ვერ გაერკვა, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება. ეს ცვლილება ეხებოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, აპატრიდებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და არის გარკვეული ჯგუფი წლების განმავლობაში, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მათ შორის არც საქართველოსი და მათთვის გამარტივდა სწორედ ის, რომ არიან, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოების წევრები, ათწლეულებია რაც აქ არიან. ამ ცვლილების მიზანი არ ყოფილა ის, რომ ქართველების, თუ საქართველოს ყოფილი მოქალაქეების, რომლებიც არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათთვის რაღაც პროცედურები დაედგინა. ამიტომ, ეს იყო ამ ცვლილების მთავარი ამოცანაა“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.