საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი ქალი - ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილის და 2023 წლის 7-9 მარტის აქციების სიმბოლოებად იქცნენ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ნანა მახარაძე, ქალი დროშით 9 აპრილის ფოტოდან, დაჯილდოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის. ნანა მალაშხიას, რომელიც 7 მარტის აქციის დარბევის დროს წყლის ჭავლის წინ ევროკავშირის დროშით იდგა, ღირსების მედალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის გადაეცა.
„ნანა მახარაძის ფოტო გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელს მსოფლიოში მას 9 აპრილის სახედ იცნობენ. ნანა მალაშხია ასევე გახდა საქართველოს ევროპული მომავლის სახე, გასცდა ჩვენს საზღვრებს და დავანახეთ მსოფლიოს რა არის, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს. ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ჯილდო ეძღვნება 9 აპრილის ყველა იმ ქალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის ამ და სხვა პერიოდებში იბრძონდნენ. ეს ორ ქალი სწორედ მათ სახეებს წარმოადგენენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ნანა მახარაძემ და ნანა მალაშხიამ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს დაჯილდოებისთვის და თქვეს, რომ ქართველი ხალხის ნება ევროკავშირის წევრობაა, რისთვისაც ბრძოლა კვლავ გრძელდება.
„ეს 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და აუცილებლად, მე ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, სადაც იყო თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენაა“, - განაცხადა ნანა მახარაძემ.
ნანა მალაშხიამ პრეზიდენტს და 7-9 მარტის აქციების მონაწილეებს მადლობა უთხრა „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლისა და ევროპული მომავლის დაცვისთვის.
„მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოა, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისგან თავისუფალი, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები, უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა ჰქვია. მინდა, მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობასთან“, - აღნიშნა მალაშხიამ.
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ბრძანებით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. დაშავდა ასობით ადამიანი და დაიღუპა 21 დემონსტრანტი: აზა ადამია 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი 16 წლის; ნატო გიორგაძე 23 წლის; თამუნა დოლიძე 28 წლის; თინა ენუქიძე 70 წლის; ნინო თოიძე 25 წლის; ზაირა კიკვიძე 61 წლის; მანანა ლოლაძე 33 წლის; თამარ მამულიშვილი 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე 22 წლის; ნანა სამარგულიანი 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი; მარინა ჭყონია-სამარგულიანი 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი 25 წლის; თამარ ჭოველიძე 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილ, 40 წლის; მზია ჯინჭარაძე 43 წლის; მანანა მელქაძე 23 წლის; გია ქარსელაძე 25 წლის.
ორი წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად, 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1993 წელს, საქართველოს პარლამენტმა 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ გამოაცხადა.