„ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც რუსეთის დედაქალაქიდან 200 კილომეტრში არიან, უკან, საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაშლა სურდათ. 23 ივნისს ჩვენ „სამართლიანობის მარში“ დავიწყეთ, დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვამდე 200 კილომეტრში მივედით. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთიც არ დაგვიღვრია. ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც შესაძლოა სისხლი დაიღვაროს.
ამიტომ, ვაცნობიერებთ რა მთელ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ერთ-ერთ მხარეს რუსული სისხლი დაიღვრება, უკან ვაბრუნებთ ჩვენს კოლონებს და გეგმის შესაბამისად, მივდივართ საპირისპირო მიმართულებით, საველე ბანაკებში“, - ამბობს პრიგოჟინი აუდიომიმართვაში.
მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი მოსკოვისკენ კოლონის მოძრაობის შეჩერებას დათანხმდა.
„მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც მიღწეული იქნა შეთანხმება, რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის გაჩაღების დაუშვებლობის შესახებ. ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინადადება, კომპანია „ვაგნერის“ შეიარაღებული პირების რუსეთში მოძრაობის შეჩერების და დაძაბულობის დეესკალაციისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ. ამ დროისთვის მაგიდაზე დევს აბსოლუტურად მომგებიანი და მისაღები ვარიანტი სიტუაციის მოსაგვარებლად, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - განაცხადა ლუკაშენკოს პრესსამსახურმა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებიან.
23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ გაარკვევდა, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვდა.
24 ივნისს „ვაგნერმა“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე, დაამყარა კონტროლი და მოსკოვისკენ სვლა დაიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
„ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვის ჩათრევასაც ცდილობენ ამ დანაშაულში, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლებამ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.