გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, ქალაქის მთავარი გამზირისთვის სახელის შეცვლის საკითხზე სიახლე არაფერია. ადგილობრივი აქტივისტები რამდენიმე წელია, სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„ჩემი პირადი აზრია, რომ მე არ მაქვს პრობლემა და ვერც ვერაფერს ვხედავ საპრობლემოს, რომ სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს“, - უთხრა ჟურნალისტებს ხინჩეგაშვილმა, რომელმაც დღეს, ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
პარალელურად საბჭოთა დიქტატორის მუზეუმთან აქცია გამართეს „სტალინელებმა“ და ქალაქის ცენტრში იოსებ სტალინის ძეგლის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. საუბარია ექვსმეტრიან ბრინჯაოს ქანდაკებაზე, რომელიც გორში 1952 წლიდან 2010 წლამდე იდგა.
„ამ გენიოსმა პიროვნებამ დღევანდელ დღეს ბოროტება დაამარცხა და პირველ რიგში, ამ დღეს აღვნიშნავთ. რაც შეეხება ძეგლის დადგმას, ჩვენ კი არ ვითხოვთ, საბოლოოდ ვაფრთხილებთ ამ ხელისუფლებას, თორემ 2024 წლის არჩევნებში, სადაც ჩვენ, „სტალინელებმა“ ლომის წვლილი უნდა შევიტანოთ, ჩვენგან ხმებს ვერ მიიღებენ, რაც შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს მათთვის. 10 წელი რომ ხელისუფლებაში არიან, კოლოსალური ხმები მოვუტანეთ ჩვენ, მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გორის ცენტრალური ქუჩისთვის სტალინის სახელის გადარქმევის მოთხოვნით, 2018 წელს, ადგილობრივ თვითმმართველობას პეტიციითაც მიმართა.
კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას 2011 წელს მიღებული კანონი - „თავისუფლების ქარტია“ ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილია სპეციალური კომისია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ინფორმაციის შეგროვება ისეთი ქუჩების სახელწოდებების შესახებ, რომლებიც „შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს“. კომისია ვალდებულია ასეთი სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით უფლებამოსილ პირს მიმართოს. კომისიის მითითების შესრულება სავალდებულოა.
