საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარაპლანით ფრენებს დაარეგულირებს. ახალი წესების ამოქმედება 31 აგვისტოდან იგეგმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა კანონპროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
„პარაპლანით ფრენა დასაშვები იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში, რომელსაც ავიაციის სააგენტოსა და საჰაერო ნავიგაციის მიერ განხორციელებული უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე გამოვავლენთ.
პარაპლანის მფრინავი, როგორც კომერციული, ისე სასწავლო და სამოყვარულო, საჭიროებს შესაბამის მფრინავის მოწმობას, რომელსაც ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მოიპოვებს.
პარაპლანით კომერციული ფრენა დასაშვებია მხოლოდ სერტიფიცირებულ საფრენ ლოკაციაზე, რომელსაც მართავს და ოპერირებას გაუწევს უფლებამოსილებით აღჭურვილი იურიდიული პირი, ე.წ. ოპერატორი. ნებისმიერი ფრენა დასაშვებია მხოლოდ იმ პარაპლანით, რომელსაც გააჩნია ვარგისობის სერტიფიკატი. პარაპლანის მფრინავი ვალდებულია, ფლობდეს მოქმედ სადაზღვევო პოლისს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კანონპროექტის მიხედვით, პარაპლანით ფრენის რეგულირებას, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას, პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: გააჩნია პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა; საზოგადოების ორგანოს წევრია არანაკლებ 50 პირი; გააჩნია პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის რეესტრებს.
აღნიშნულ იურიდიულ პირს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გააკონტროლებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში იურიდიულ პირს საქმიანობა შეუზღუდოს ან შეუჩეროს, რის შემდგომაც დაუშვებელი იქნება პარაპლანით ფრენების განხორციელება.
კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილი იქნება:
- აღკვეთოს სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის ოპერირება ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე ან შეჩერებული სერტიფიკატით.
- აღკვეთოს პარაპლანით ფრენა შესაბამისი მოწმობის გარეშე, ან შეჩერებული მოწმობით, აგრეთვე სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა არსებულ ნებისმიერ სხვა საფრენ ლოკაციაზე განხორციელებული კომერციული ფრენა.
- აღკვეთოს არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა, თუ აღნიშნული ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, აგრეთვე ნებისმიერი ფრენა, რომელიც ხორციელდება შესაბამისად გამოყოფილი საჰაერო სივრცის მიღმა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციები პარაპლანით ფრენის წესების დარღვევისთვის:
- პარაპლანით ფრენა პარაპლანის მფრინავის მოწმობის გარეშე, ასევე შეჩერებული ან გაუქმებული მფრინავის მოწმობით - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. ამ ქმედების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ჩადენა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და პარაპლანის კონფისკაციით.
- პარაპლანით კომერციული ფრენა სერტიფიცირებული საფრენი ლოკაციის მიღმა - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
- პარაპლანით არაკომერციული, მათ შორის, საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დარღვევით - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, პარაპლანის კონფისკაციით.
- ექპერიმენტული ან/და საჩვენებელი ფრენის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევით - ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, პარაპლანის კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით პარაპლანის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით პარაპლანის კონფისკაციით.
- ოპერატორის სერტიფიკატის გარეშე, ასევე შეჩერებული ან გაუქმებული სერტიფიკატით ფრენების წარმოების ოპერირება - ჯარიმა1500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.
საფრენი ლოკაციის სერტიფიცირების ღირებულება 3000 ლარი იქნება, ხოლო პარაპლანის შემოწმების საფასურები შემდეგია:
- ერთადგილიანი პარაპლანის შემოწმება - 50 ლარი;
- ორადგილიანი პარაპლანის შემოწმება - 100 ლარი;
- ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - 50 ლარი;
- ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომ-ჩასაბმელი სისტემის შემოწმება - 100 ლარი;
- ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - 100 ლარი;
- ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემოწმება - 120 ლარი;
- ერთადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება - 50 ლარი;
- ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის აღიარება - 75 ლარი;
- პარამოტორის ვარგიანობის შემოწმება - 200 ლარი;
- პარამოტორის ვარგისიანობის აღიარება - 50 ლარი.
საფრენი ლოკაციის ოპერატორის სერტიფიცირების ღირებულება 1500 ლარით განისაზღვრება. პარაპლანის მოწმობის აღებისთვის თეორიულ გამოცდაზე დაშვების საფასური 80 ლარი, ხოლო პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასური 180 ლარი იქნება. მფრინავის პარაპლანის მოწმობის დამზადების, ასევე დაკარგული მოწმობის აღდგენა 50 ლარი ეღირება, კატეგორიის აღიარება კი - 350 ლარი (ერთი ქვეკატეგორიისათვის).
კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. როგორც მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, იგი პარაპლანის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების ბაზაზე და ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა.