საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩაიწერა, საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის საფრთხეებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ [რუსეთთან] და ჩვენი ხალხი, ჩვენი ხასიათი უკეთ არის ცნობილი რუსული სამსახურებისთვის. ამიტომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოს საქმეებში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამასთან, ქართველი ხალხი კარგად იცნობს საბჭოთა პროპაგანდას, რომელიც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, შესაძლოა მათი [ხალხის] მედეგობა უფრო მაღალი იყოს, მაგრამ ჩვენ საფრთხის ქვეშ ვართ და წელს მეტი საფრთხის ქვეშ ვიქნებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ბევრ ჩარევას. საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა
ამასთან, ზურაბიშვილი არ ფიქრობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში შეიძლება რამე შეიცვალოს: „ერთადერთი, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, არის რუსეთის გასვლა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან - იქნება ეს უკრაინა თუ საქართველო. ეს არის ევროპული უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყნებსა და ტერიტორიებს იკავებს“.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა და ჰკითხა მას, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით, საქართველოში.
„როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, აქაც შიდა პოლიტიკური ბრძოლებია, მაგრამ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ფარგლებს გარეთ იცოდეთ, არის ის, რომ ეს [ევროპული გზა] სრულად არის შეთანხმებული ქართველ ხალხთან და ეს ასე იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქართულ გზას - ქართულ გზას ევროპისკენ. ეს არასოდეს შეცვლილა. არც მაშინ, როცა საქართველო იყო ოკუპირებული ან დატყვევებული. ეს არ შეიცვლება მომავალში, რადგან ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, რომელიც რეალურად არსებობს ამ ქვეყნისთვის“, - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
მიუნხენის კონფერენცია, რომელიც 1963 წლიდან ყოველწლიურად იმართება, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე წამყვანი მსოფლიო ფორუმია. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, კონფერენციის 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პრორუს ოლიგარქად“ არის მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ ის არის პასუხისმგებელი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე.