2014-2017 წლებში საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 7 მარტს, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით, შური იძია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოში რუსეთის შემოსვლას და რუსული კანონების მიღებას. ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა პროვოკაცია იყო, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რითიც კანონი დაარღვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„არა მხოლოდ არაპროპორციული, საერთოდ ძალის გამოყენება იყო დანაშაული, რადგან აქცია სრულიად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. ათასობით ადამიანი იქ მივიდა საკუთარი პროტესტის გამოსახატად, რისი უფლებაც თითოეულ მოქალაქეს გააჩნია, ანუ უფლება, რომ შეკრებილიყო, შვიდობიანად გამოეხატა, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რისი განხორციელების შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ მისცა.
ჩვენ ვნახეთ და მე თვითონაც იქ ვიყავი, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პირველად დარბევა დაიწყო. მხუთავი აირი და წიწაკის სპრეი ისე გამოიყენეს, გაფრთხილებაც კი არ მომხდარა, რასაც კანონი მოითხოვს. ამ შემთხვევაში დემონსტრანტებს არ დაურღვევიათ რაიმე კანონი, მათ სრული უფლება ჰქონდათ, მათ შორის, პარლამენტის გარშემოც განლაგებულიყვნენ, რაც არაერთხელ მომხდარა.
ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები მცირეწლოვანი ბავშვებით და არავის ჰქონდა სურვილი, რაიმე ძალადობისთვის მიემართა.
აქედან გამომდინარე, სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა იყო პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან და სწორედ მათმა გამოჩენამ კიდევ უფრო მეტად დაძაბა სიტუაცია, გამოიწვია ესკალაციაც და მათი მხრიდან შემდეგ უკვე ძალადობის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც აქცია არის მშვიდობიანი, ასეთი დანაყოფების გამოყენება და გამოყვანაც კი, ისე რომ დემონსტრანტებმა შეძლონ მათი დანახვა და მათთან კომუნიკაცია, არის უკვე დარღვევა“, - განაცხადა ნანუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
ყოფილი სახალხო დამცველის თქმით, აქციის დარბევისას ადგილი ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევას, ხოლო დემონსტრანტების დაკავებისას ძალის გადამეტებას.
„სპეციალური საშუალებების გამოყენებას თავისი წესი აქვს, თუ რომელი საშუალება როდის უნდა იყოს გამოყენებული, ვის მიმართ. თუკი არის რაიმე საფრთხე, ადგილი აქვს ძალადობას ან რაიმე ექსცესს, უნდა მოხდეს სწორედ იმ კონკრეტული პირის გაყვანა იმ ადგილიდან. დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც აქცია არის მშვიდობიანი ძირითადად და იქ არაფერი ხდება, აქციას და მის ორგანიზატორებს უნდა მიეცეს საშუალება, რომ განაგრძონ აქცია ჩვეულებრივ.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ აქცია იყო ლეგიტიმური, კანონმდებლობის ფარგლებში და არავინ არაფერს არ არღვევდა რომ არა ბრძანება, რომელმაც შესაძლებელი გახდა პოლიციის დანაყოფების გამოყვანა.
შემდეგ უკვე ვნახეთ არაერთი ფაქტი, როდესაც იყო ძალის გადამეტება, დაკავებებიც, რომლებიც ასევე უკანონო იყო - არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანები რაიმე ინციდენტში მონაწილეობდნენ თუ არა, იმის გამოც კი აკავდებდნენ, რომ უბრალოდ იქ იდგნენ. ადვოკატები, ოჯახის წევრები ვეძებთ და ვერ ვპოულობთ ზოგიერთ დაკავებულს, ანუ საათები დასჭირდა იმას, რომ გარკვეულიყო, სად იყვნენ და ვნახეთ, რომ ათობით ადამიანი საქართველოს რეგიონებშია გადანაწილებული, როგორც იქნა მივაკვლიეთ ზოგიერთ მათგანს, მათი მდგომარეობის შესახებ ბოლომდე ინფორმაცია არ გვაქვს.
ეს ყველაფერი არის უმძიმესი დარღვევა და სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმ დანაშაულის, რომლესაც ადგილი ჰქონდა „გავრილოვის ღამეს“, 2019 წლის 20 ივნისს.
არანაირი საფუძველი, საბაბი არ ჰქონდათ იმისთვის, რომ ასეთი რაოდენობის სპეციალური საშუალება გამოეყენებინათ. ერთადერთი რჩება ის, რომ ეს იყო შურისძიება იმ ადამიანებზე, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოში რუსეთის შემოსვლას კიდევ უფრო, რუსული კანონების მიღებას და საქართველოს დაბრუნებას რუსეთის ორბიტაზე. ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის ასეთი ადამიანების არსებობა არის მიუღებელი და ის გადადის ძალადობაზე, მათ წინააღმდეგ ყველა სპეციალური საშუალების გამოყენებაზე. არა მხოლოდ აქციაზე, არამედ, უკვე დღეს დაიწყეს დაპატიმრებები“.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილისგან განსხვავებით, დღეს რუსეთი არ მოქმედებს პირდაპირ, თბილისში არ ჰყავს ჯარი, მას ჰყავს უკვე საქართველოს ხელისუფლება, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ინტერესების განხორციელებას ცდილობს.
„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელი, ევროპული ორგანიზაციებისა და ხმების გაქრობას საქართველოში, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან მოუწევთ მთელი საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლა. დღეს მთელი საქართველო არის ერთიანი იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ოკუპაციასა და რუსულ პოლიტიკაზე“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს და მათ შესაზღუდად ან დასახურად მრავალ ბერკეტს ითვალისწინებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა - დავით სერგეენკომ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ქეთევან დუმბაძემ და ირაკლი მეძმარიაშვილმა. მოგვიანებით, დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს ხმა მისცეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.