რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სენატორი ვლადიმირ ჯაბაროვი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე თავად მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„რამდენიმე კვირის წინ საქართველომ მოგვმართა „აეროფლოტის“ [სანქცირებული რუსული ავიაკომპანია] თვითმფრინავების ფრენის აღდგენის საკითხზე... მიუხედავად იმისა, რომ ამ თემას საქართველოში მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ არა, ამის დაშვება არ შეიძლება. ამაში ცუდი რა არის? რუსეთში ბევრი ქართველი მუშაობს, დიდი ოჯახური კავშირები აქვთ. დიდი სიამოვნებით მოდიან, ჩვენი ტურისტებიც მიდიოდნენ“, - განაცხადა ჯაბაროვმა.
რუსი სენატორის თქმით, ევროკავშირი „თავხედურად ერევა“ საქართველოს საქმეებში და ეუბნება, რომ „ეს კავშირები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღდგეს“.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რუსეთმა ან ევრაზიულმა ეკონომიკურმა საბჭომ მიმართოს რომელიმე ქვეყანას და უთხრას: არ უნდა იმეგობრო ამერიკელებთან ან არ უნდა იმეგობრო ბრიტანელებთან. ეს სასაცილოა, მათ კი შესაძლებლად მიაჩნიათ“, - აღნიშნა ვლადიმირ ჯაბაროვმა გუშინ, 8 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჯაბაროვის ამ განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.
საქართველო-რუსეთს შორის, სამი წლის წინ შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2023 წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ შეაქო „მამაცობისთვის“. როგორც ლავროვმა თქვა, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და მოხარულია, რომ „უერთიერთობები აქტიურად ვითარდება“. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაც მალე იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლავროვის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ფრენების აღდგენისთვის, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“.
„ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენაზე მზაობას მიესალმა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამას იმით ხსნის, რომ 2019 წელს დაწესებულმა სანქციამ რუსეთში მცხოვრები საქართველოს 800 ათასი მოქალაქის მდგომარეობა დაამძიმა. კობახიძის თქმით, „რასაც თავის დროზე, 2019 წელს, ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება“.
რუსეთთან ფრენების აღდგენა მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც არ იზიარებს „ქართული ოცნების“ არგუმენტს, თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს.
ამ თემაზე:
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს ქმნის - აშშ
