ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
დეპარტამენტის განცხადებით, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა მასთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.
2019 წლის ივლისში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილი ავიამომოსვლის აღდგენის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 2023 წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ შეაქო „მამაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. როგორც ლავროვმა თქვა, მოხარულია, რომ საქართველოსთან „უერთიერთობები აქტიურად ვითარდება“ და იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაც მალე იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლავროვის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ფრენების აღდგენისთვის, თუმცა „ტანგოს ორი სჭირდება“.
საქართველოს მმართველი პარტია რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამას იმით ხსნის, რომ 2019 წელს დაწესებულმა სანქციამ რუსეთში მცხოვრები საქართველოს 800 ათასი მოქალაქის მდგომარეობა დაამძიმა.
„რასაც დასჭირდა თავის დროზე ცალმხრივი გადაწყვეტილება, 2019 წელს, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. იმას სჭირდება ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება 2023 წელს. აქედან გამომდინარე, რაღაც ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია.
თუ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათი გადასაწყვეტია ცალმხრივად რას გააკეთებენ. ჩვენ ერთადერთი ვაფიქსირებთ რა პოზიციას - რომ მისასალმებელი იქნება, ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ეს გადაწყვეტილება ორმხრივი ვერ იქნება“, - განაცხადა დღეს, 3 თებერვალს კობახიძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით კობახიძემ დაამატა, რომ „თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, მისი საქმეა“.
რუსეთთან ფრენების აღდგენა მიუღებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც არ იზიარებს „ქართული ოცნების“ არგუმენტს, თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს.