რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე 2200 ლარით დააჯარიმეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18 წლის სანდრო ჯოხაძე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო და მისი უფროსი ძმა, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გიგა ჯოხაძე, 16 აპრილს, ღამით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დღეს გიგა ჯოხაძეც სამართალდამრღვევად ცნეს და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ძმების წინააღმდეგ ჩვენება პოლიციელებმა მისცეს. როგორც ადვოკატი ჯანო ჭკადუა ამბობს, შსს-მ სამართალდარღვევის ჩადენის და კორდონის გარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლო.

„პოლიციელებმა, ოთხნი იყვნენ, თქვეს ტყუილი და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს. ეს დამტკიცდა არათუ ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ თვითონ შსს-ს წარმომადგენლებმა მოიტანეს ვიდეოჩანაწერი, სადაც დასტურდება, როგორ მოხდა სანდრო და გიგა ჯოხაძეების დაკავება. პოლიციელებმა თქვეს, რომ ისინი დააკავეს კორდონის გარღვევის დროს, ხოლო ვიდეოში ჩანს, რომ ისინი დააკავეს მაშინ, როდესაც კორდონიდან დაშორებულები იყვნენ დაახლოებით 100-200 მეტრით“, - განაცხადა ჯანო ჭკადუამ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად სანდრო ჯოხაძემაც. მისი თქმით, გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, არ გაასაჩივრებს, რადგან ქართული სასამართლოსადმი ნდობა არ არსებობს.

„ეს ჯარიმა მოტივაციის წყარო იქნება ჩემთვის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორ ადგილას, სწორ დროს ვიბრძოდი ქვეყნისთვის და აუცილებლად გავაგრძელებ ამ ბრძოლას“, - აღნიშნა სკოლის მოსწავლემ.

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს 2500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, გიგა ბერაძეს, ხოლო გუშინ, 24 აპრილს, 2500 ლარით დააჯარიმა პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე. სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2600 ლარით დაჯარიმდა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც.

19 აპრილს, პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 40 პირი დააკავეს.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).