შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 40 პირი დააკავეს. დღეს, პარლამენტში გამოსვლის დროს, გომელაურმა 16 აპრილის აქციის დარბევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს „სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა“ გამოიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„15 და 16 აპრილს აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო, როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია პირველივე დღიდან ძალადობრივ ქმედებებში. მაშინ როდესაც, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს“, - განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად 5 პოლიციელი დაშავდა, რომელთაგან 2 მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი. პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა კარგად გვესმის, რომ გარკვეული ძალების მიზანიც ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ. მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით, როდესაც სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად. ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი ნამდვილად, დამერწმუნეთ, თუმცა, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება აქციების მესამე დღეს, 17 აპრილს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას ცდილობდნენ.
„ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელეეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა მათ გვერდით მდგარი ცივი იარაღით, დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს.
ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითიოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს, ესროლოს სხვადასხვა საგნები და სცადეს მათი ღირსების შელახვა. ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებითვის. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ“, - განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც პოლიციელების ღირსებას შელახავს და მათ შეურაცხყოფას მიაყენებს.
პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა მოითხოვეს, გომელაური პოლიციელების მხრიდან პარლამენტის დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილზე ძალადობასაც გამოხმაურებოდა. გომელაურის თქმით, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა და რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს.
16 აპრილს, ღამით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ისინი მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დაედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს მედიის წარმომადგენლებსაც. აქციის რამდენიმე მონაწილე, მიღებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოში მოხვდა.
სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია, რომლებიც 16 აპრილს დააკავეს.
„მოქალაქეების“ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი. მას 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან აქციაზე სცემეს. როგორც დეპუტატი ამბობს, საპატრულო პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის ბრძანებით და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელებმა გააკეთეს ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და მას სასტიკად უსწორდებოდა. ორი დღით ადრე, ელისაშვილმა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის დროს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა. მას „საკადირი პასუხის“ გაცემით დაემუქრნენ.