„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს და შეცვალოს „ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება“, რითაც ტერიტორიულ ჯგუფებს ექნებათ უფლებამოსილება პრევენციული ზომები მიიღონ საარჩევნო უბნებთან შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად ხარაზიშვილი დღემდე არათუ თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, არამედ მას არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დე-ფაქტო ზედამხედველის ფუნქციაც ჩააბარა“, - აცხადებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“, ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფები“. მსგავსი აქტები შს მინისტრის მიერ წინა საერთო არჩევნების დროსაც გამოიცემოდა ხოლმე. თუმცა, ამჯერად სიახლე ის არის, რომ 2016 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, არამედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი.
„დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი“, - აღნიშულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.
გარდა ამისა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მინისტრის ახალ ბრძანებას ახლავს დანართი, რითაც „ტერიტორიულ ჯგუფებს“ უფლება აქვთ შესაძლო სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეების მიმართ პრევენციული ღონისძიებები განახორციელონ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებს და მის დაუყოვნებლივ შეცვლას მოითხოვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, ეს „იმას ნიშნავს, რომ „ხარება“ და მისი მონაწილეობით შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფები“ შეიძლება მოქმედებაში მოვიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო უბნების შორიახლოს ხალხი იქნება შეკრებილი, თუნდაც მშვიდობიანად“.
„მინისტრის ბრძანების ამ დებულებას არა მხოლოდ არ გააჩნია რაიმე კანონიერი საფუძველი, არამედ იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.
16 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს ფინანსური სანქციები დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 28 მაისს რუსული კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალებმა ძალადობა გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. დეპარტამენტის განცხადებით, ამ ძალადობას, რაც მოიცავდა არაძალადობრივი საპროტესტო აქციების არაერთი მონაწილის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სასტიკად ცემას, სწორედ ხარაზიშვილი და ლაგაზაური ზედამხედველობდნენ. ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ „ხარაზიშვილი ცნობილია პოლიტიკურ ოპონენტებზე თავისი სადამსჯელო ქმედებებით და პირადად იყო ჩართული აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში“.
აშშ-ის ფინანსური სანქციების ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ან ეწევიან საქმიანობას დასანქცირებულ პირებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს. 5 ოქტომბერს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ხარაზიშვილი და ლაგაზაური ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ. მინისტრმა არ დაასახელა ბანკი, რომელიც სანქცირებულ მაღალჩინოსნებს ემსახურება.