საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უმნიშვნელოვანესი საჩივარი წარუდგინა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული პროევროპული აქციების დაშლისას სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ ძალადობას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
საია ოთხი მომჩივნის სახელით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა არა უბრალოდ ინდივიდუალურ გადაცდომებს, არამედ სახელმწიფოს მიერ კოორდინირებულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა დემონსტრანტების დასჯას და დაშინებას მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
საჩივრის ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი სიახლეა ევროპული კონვენციის მე-17 მუხლით დავა. საია ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს ქმედებები გასცდა დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს და წარმოადგენდა ძალაუფლების სასტიკ ბოროტად გამოყენებას პროტესტის სრული ჩახშობის მიზნით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში დემონსტრაციების კონტექსტში უფლებათა ბოროტად გამოყენების მუხლით დაობენ.
მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციების დარბევისას წინასწარ შემუშავებული მოდელით მოქმედებდა: ნიღბიანი ოფიცრები აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდნენ, ჯგუფურად სცემდნენ და მედიის კამერებისგან მოშორებით, სპეციალურად მოწყობილ „სადამსჯელო მიკროავტობუსებში“ გადაჰყავდათ. იქ ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა - მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში, ართმევდნენ ნივთებს და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით.
სისტემურ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ შსს-მ დაადასტურა სპეციალური აღჭურვილობის გაცემა ინდივიდუალური ნომრების გარეშე, რაც ართულებს დამნაშავეების იდენტიფიცირებას. ამას ემატება სახელმწიფო უწყებების უარი რუსთაველის გამზირზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემაზე, რასაც ხშირად „სისტემის გაუმართაობით“ ხსნიან.
საჩივარში მოყვანილია მომჩივნების მძიმე ისტორიები:
პირველი მომჩივანი, რომელიც 2 დეკემბერს დააკავეს, „სადამსჯელო მიკროავტობუსში“ სასტიკად სცემეს მუშტებით, ფეხებითა და რეზინის ტყვიის იარაღის ლულებით. მას „მოღალატეს“ უწოდებდნენ და ოჯახის წევრების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ფიზიკური ტრავმების გარდა, მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა დაუდგინდა.
მეორე მომჩივანი 28 ნოემბერს ე.წ. „პოლიციის დერეფანში“ გაატარეს, სადაც სპეციალური ხელთათმანებით ურტყამდნენ თავში, სახესა და ნეკნებში. მას 16 საათზე მეტხანს არ აძლევდნენ საავადმყოფოში გადაყვანის უფლებას, მიუხედავად გატეხილი ცხვირისა და ძლიერი სისხლდენისა.
მესამე მომჩივანს 29 ნოემბერს თავს დაესხნენ და მხრის ძვალი მოტეხეს. ტრანსპორტირებისას მასაც გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და უკანონოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი.
მეოთხე მომჩივანს კი შვიდი ნიღბიანი ოფიცერი ურტყამდა თავისა და ტანის არეში, რასაც თან ახლდა ჰომოფობიური და დამამცირებელი შეურაცხყოფა.
საია ხაზს უსვამს, რომ 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით - „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით, ნაცვლად „წამებისა“ და „არაადამიანური მოპყრობისა“. დღემდე არცერთი პირი არ არის ბრალდებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს. ამ ფონზე, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოება ადასტურებს, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიზანმიმართული სტრატეგია.
ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში დავობს კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-11 (შეკრების თავისუფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-17 (უფლებათა ბოროტად გამოყენება) მუხლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევის გამო.
