26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, თელავის და ახმეტის საარჩევნო ოლქებში ჟურნალისტებზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტების გამოსაძიებლად „საქართველოს ამბებმა“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობით მიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, დღის პირველ ნახევარში ვმუშაობდი კახეთის რეგიონში, კერძოდ, ახმეტისა და თელავის საარჩევნო ოლქებში, ჩვენი ორგანიზაციის იურისტთან ერთად.
დაახლოებით 11:00 საათისთვის მივედით ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, N11 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესზე დაკვირვებისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ჟურნალისტური მასალის მოსამზადებლად.
სკოლის შესასვლელში, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორ-აგიტატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს, რითაც არღვევდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის მოთხოვნებს. მას შემდეგ, რაც არაუფლებამოსილ პირებთან ახლოს მივედი და ვკითხე, რატომ აღრიცხავდნენ ამომრჩევლებს, უკანა მხრიდან თავს დამესხა აგრესიული მამაკაცი და ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი, რომლითაც კოორდინატორების ქმედებების გადაღებას და მათგან განმარტებების ჩაწერას ვაპირებდი. ტელეფონის წართმევის გამო პირველი ინციდენტი ვერ გადავიღე. თავდამსხმელი კუთვნილ ტელეფონს არ მიბრუნებდა და ფიზიკურ წინააღმდეგობას მიწევდა, უკმაყოფილებას გამოხატავდა ჩემი საქმიანობის გამო და უცენზურო სიტყვებით მაგინებდა. მისგან მოვახერხე ტელეფონის დაბრუნება და ვცდილობდი მისი ვინაობის დადგენას, ასევე, დაზუსტებას, რატომ იმყოფებოდა უბანზე, რა დროსაც მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე ტელეფონზე მკრა ხელი, ერთხელ კი თავში დამარტყა. ამ მომენტში მას შეეშველნენ ამავე უბანზე მობილიზებული სხვა აგრესიული პირები, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული დამკვირვებელი, ფიზიკურად მიწევდნენ წინააღმდეგობას, მიზღუდავდნენ გადაადგილებას და უკანონოდ, ჯგუფურად ხელს მიშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ექვთიმიშვილიც კი მოითხოვდა შემეწყვიტა ვიდეოგადაღება სკოლის ეზოში. აგრესიული პირებიდან ერთ-ერთმა მეც და იურისტსაც მოგვაფურთხა. ვიდრე ჩემთვის უცხო მამაკაცმა ისინი ხელით არ გაიყვანა, მანამდე აგრძელებდნენ ხელშეშლას. სკოლის ეზოდან გასვლის შემდეგაც, თავდამსხმელი, ხალხის თანდასწრებით, ჩემი მისამართით უცენზური სიტყვებით იგინებოდა. როგორც გავარკვიე იგი „ქართული ოცნების“ აქტივისტი ილია მამუჩარაშვილია.
ჩემს მიერ, 112-ზე ორჯერ განხორციელებული სატელეფონო ზარისა და შეტყობინების მიუხედავად, იქ ყოფნის პერიოდში, უბანზე პოლიცია არ მოვიდა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების გამო, გარკვეული დრო დავყოვნდით, მაგრამ რადგან ცხადი იყო, რომ პოლიციელები დროულად მოსვლას არ აპირებდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების რისკების მიუხედავად, საარჩევნო უბანი დავტოვეთ.
პროფესიულ საქმიანობაში ხელი უკანონოდ შემიშალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და დამემუქრნენ თელავის საარჩევნო ოლქის სოფელ ქვემო ხოდაშნის N16 საარჩევნო უბანზეც, სადაც დაახლოებით 14:30 საათისთვის მივედით, მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს. აღნიშნულ უბანზე, მომხდარის გამოსარკვევად, გადასაღებად და მასალის მოსამზადებლად მივედი, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა. კენჭისყრის შენობიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ, როცა კითხვა დავუსვი იქ შეკრებილ ადამიანებს, რატომ იყვნენ მობილიზებულები საარჩევნო უბნის შესასვლელში და რატომ მიაყენეს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯიბიდან ტელეფონის ამოღებისთანავე იგივე პირმა, რომელმაც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგფუფს კამერა დაუმტვრია, ხელი მომკიდა და მითხრა, „სალაპარაკოდ“ სკოლის უკან გავყოლოდი. მამაკაცი იყო აგრესიული და აშკარად ნასვამ მდგომარეობაში, ალკოჰოლის მძაფრი სუნით. როდესაც ვუთხარი, რომ ხელი გაეშვა და არ ვაპირებდი სადმე გავყოლოდი, იგივე პირმა სცადა ჩემთვის დარტყმა სახის არეში, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან მყისიერად გადავაადგილდი და ერთ-ერთმა პირმაც შებოჭა. მის გარშემო შეკრებილი იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებმაც მიცნეს და ჯანმრთელობის დაზიანებისა და დასახიჩრების მუქარით მაიძულეს საარჩევნო უბნის დატოვება. სკოლის ეზოდან გარეთ გამოსვლის შემდეგ, მომხდარის შესახებ დავუკავშირდი 112-ს და ვითხოვე პოლიციის მხრიდან რეაგირება. პოლიციელების მოლოდინში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სულ მცირე 30 წუთი დავყოვნდი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ. ადგილზე არავინ მოვიდა, რის შემდეგაც უბანზე აღარ შევედი, პროფესიული საქმიანობა ვეღარ გავაგრძელე და ქვემო ხოდაშენი დავტოვე.“,- წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი განცხადებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ამავე კოდექსის 126-ე მუხლით, აკრძალულია ძალადობა (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), ხოლო კოდექსის 151-ე და 2391-ე მუხლების თანახმად, აკრძალულია მუქარა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება.
„საქართველოს ამბები“ დამნაშავე პირების მხილებას და მათ დასჯას ითხოვს.