პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის 13 წევრი ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მისი ხელისუფლება კურსს არ შეიცვლის. პრემიერის შეფასებით, ამ განცხადებას „ფასი არ აქვს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა. ამ ფონზე არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები ახსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა. კობახიძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან „განცხადებები თუ არის საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით“.
„სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა განცხადებები მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც არის დსთ-ის წევრი, მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა. მე ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საკითხზე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივი განცხადება სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერების თაობაზე, არ ყოფილა მარტივი მისაღები:
„გასული თვეების განმავლობაში საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება:
საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ: „ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს“.
ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ევროპელი მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, ხელს აწერენ:
- ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ჰაჯა ლაბიბი;
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი;
- დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი;
- ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰნკა;
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე;
- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საკითხებში სიმონას შატუნასი;
- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ქსავიე ბეტელი;
- პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა;
- პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ინეშ დომინგოსი;
- საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ადადი;
- ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იოაკიმ სტრანდი;
- შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იესიკა როსენკრანცი;
- ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი.