საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამგზავრებამდე მედიამენეჯერებს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა და მას ტელეკომპანიების, ონლაინ და რეგიონული მედიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ეს შეხვედრები, რაც მე დავიწყე, ერთი მხრივ, მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში რომ წავალ, მხოლოდ მე კი არ წავიდე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები - ყველა კუთხით, რაც დღეს ამ ქვეყანაში არსებობს. ამავე დროს, ჩემი სურვილია და ეს არის ის, რაც ახლა დავიწყეთ, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც არის შემცირებული, შემჭიდროვებული, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც იმუშავებენ ჩვენთან ერთად.
დღეს შევხვდი მედიამენეჯერებს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა რომ ჩვენ ერთად ვნახოთ, რა შეიძლბა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში და იმ მომენტში, როცა არის მასზე ძალიან დიდი წნეხი. ყველა დიქტატურული რეჟიმის, რომელიც გამყარებას ცდილობს, სამიზე არის ორი - საზოგადოება და მედია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მედიის გზავნილებს წაიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება.
„მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რადგან ის გახდა სიმბოლო ამ სიტყვის თავისუფლების, ამ წნეხის, რომელიც, პირველ რიგში, რეგიონულ მედიაზე ვრცელდება იმიტომ, რომ, ალბათ, ეს რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონული მედია უფრო სუსტია და იქ შეიძლება უფრო დაამყაროს თავისი გავლენა.
ეს ასე არ იქნება. ჩვენ ერთად ვიქნებით და მე, როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტელეკომპანიების - „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „კავკასიის“ და „ფორმულას“ მენეჯერები, ონლაინგამოცემების - „პუბლიკის“, „ბათუმელების“, „ნეტგაზეთის“, „ტაბულას“, „სტუდია მონიტორის“, „პალიტრა მედიის“, „კახეთის ხმის“, რადიო „მარნეულის“ და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ თანამშრომელი და „მოამბის“ ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
„ვსაუბრობდით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გვაქვს. რა თქმა უბნდა, პირველ რიგში, ეს არის მზია ამაღლობელი, რომელიც, მიგვაჩნია, რომ ძალიან არასწორი მუხლით უკანონოდ არის დაკავებული და სჯიან როგორც კრიტიკული მედიის წარმომადგენელს“, - განაცხადა „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელმა, ნინო ზურიაშვილმა.
„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, საუბარი შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალ კანონსაც, რომელიც მედიის კიდევ უფრო შეზღუდვას ისახავს მიზნად.
„ამ მხრივაც გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების დახმარება. ზოგადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ვართ სამიზნეები და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ადამიანებს თავს დაესხნენ და ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ჟურნალისტები გადარჩნენ.
ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, არის მართლაც წარმოუდგენელი მესიჯი ჩვენთვის, ყველა ჟურნალისტისთვის. ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს“, - აღნიშნა ეთერ თურაძემ.
როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ თქვა, დღეს ქართული მედია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და „იმ განცხადებების ფონზე, როდესაც ჩვენი პარტნიორები გვპირდებიან ფინანსურ დახმარებას, თანხების გადმომისამართებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის როლი“.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)