პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს, რომლის მიზანიც არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმება, რათა მათ აღარ ილაპარაკონ კორუფციაზე, სიღარიბეზე, უკანონობაზე, ჩაგვრაზე. ასეთი კანონი ამავე მიზნებით 2012 წელს მიიღეს რუსეთში და კრიტიკული ხმა ჩაახშეს. ევროკავშირი ასეთ კანონს კრძალავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პირველი რესპუბლიკის დარბაზში უნდა ჩატარებულიყო, სადაც უფრო მეტი ადამიანის დასწრება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით სხდომის ჩატარება უფრო მცირე - ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში გადაწყდა. კანონპროექტების განხილვა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის გაძევების შემდეგ დაიწყო, რადგან ისინი საპარლამენტო უმრავლესობას სხდომის გახსნის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. დარბაზში არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები, რის შემდეგაც ისინი კანონპროექტების წინააღმდეგ მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტის შენობაში აქციას მართავდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობიდან გურამ მაჭარაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებდნენ, რომ მათი ავტორობით წარდგენილი კანონპროექტები ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წლიდან მოქმედ კანონმდებლობას ეფუძნება და საერთო არ აქვს რუსულ კანონთან.
„1938 წელს, ამერიკამ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესით მიიღო ეს კანონი. შენთვის ეროვნული უსაფრთხოება არის ძალაუფლების შენარჩუნება და სხვა არაფერი. რუსეთი და მაშინდელი ფაშიზმი იყო მტრულად განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და დღეს მეუბნები, რომ დასავლეთია შენი მტერი. თუ დასავლეთი მტერია და რუსეთი მოკეთე, გასაგებია ყველაფერი. როდესაც თქვენ მოტივში უთითებთ, თითქოს გამჭვირვალობას, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან და დასავლეთს აცხადებთ მტრად, დასავლეთიდან მხარდაჭერილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას აგენტს უწოდებთ და ძალიან კარგად იცით, აგენტი საბჭოთა მემკვიდრეობის ფარგლებში რას ნიშნავს, მთავარი უბედურება არის ეს. ამას მე კი არ გეუბნებით, მთელი დასავლელი პარტნიორები გეუბნებიან“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
„ყველა, ვინც ამ ინიციატივას ხელი მოაწერა, თითოეული თქვენგანი ხართ პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რომ გააკეთებთ ყველაფერს. ნული გაქვთ პოლიტიკური ნება. რაც დაგიწერეს, იმას აკეთებთ და სულ ფეხებზე გკიდიათ, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ყველაფერი, რაც ხდება. სხდომა ტარდება, ბატონო თავმჯდომარევ და სხდომის ირგვლივ დგას სუს-ი. თქვენ ხართ რუსების ინტერესების გამტარებლები, თქვენ ანგრევთ ამ ქვეყანას, ხლიჩავთ შიგნით, რომ აგენტები უწოდოთ ნახევარზე მეტ ქვეყანას, რომ ასეთი დაპირისპირება იყოს სულ. მოღალატეები ხართ. ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არ დარჩენილა არცერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანას არ ეხმარება 30 წლის განმავლობაში და არ თქვა, რომ ეს იქნება ზურგის შექცევა ევროპისთვის. თქვენ გინდათ ზურგის შექცევა ევროპისთვის“, - თქვა „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
დეპუტატ არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მხარდაჭერა საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია:
„ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას, ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ნიშნავს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თქმას, რომ აღარ გვექნება ნორმალური მომავალი. ვინც მზად ხართ, რომ ამას მხარი დაუჭიროთ, დაუჭირეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ამით დამთავრდება ეს პარლამენტი, დამთავრდება ეს თავხედობა და იცოდეთ ყველამ, რომ ამას არ გაგატანინებთ. იცოდეთ, რომ ეს აქ ვერ გავა. ვერ გაიტანა ვერავინ საქართველოში, 30 წლის განმავლობაში, რომ წინ დასდგომოდა დასავლურ კურსს. თქვენ ამას არ გაგატანინებთ, გამორიცხულია. ამიტომაც, გაიწვიეთ უკან, დაასრულეთ ეს თამაში საქართველოს მომავალთან და თუ თქვენ არ დაასრულებთ ამ თამაშს, იცოდეთ, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს ამ მმართველობას იმიტომ, რომ ეს არის სირცხვილი და მავნებლობა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“.
„ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ „აგენტების შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის პრობლემა მხოლოდ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტია“. როგორც მან თქვა, არ ჰგონია, რომ რომელიმე პარტნიორი ორგანიზაციის, პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსება ვინმეს დასამალი ჰქონდეს.
„გამჭვირვალობა არა მგონია ამ კანონის პრობლემა იყოს. მე მინდა დავასახელო რეალურად რა პრობლემაა და რაზეცაა ძირითადი შფოთვა, ეს არის „უცხოური გავლენის აგენტი“. ამიტომ, მე რაც მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, არის ის, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ არ მოახდინოს ამ სფეროში მომუშავე უამრავი, მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტაცია.
თავისთავად, დარწმუნებული ვარ და ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, არავის არ უნდა ჰქონდეს გამჭვირვალობასთან და ანგარიშვალდებულებასთან პრობლემა. ამიტომ ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და სერიოზული შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი მიღწეული“.
„ეს დივერსია არის თქვენი პასუხისმგებლობის თემა, რომ თავში მოგივიდათ საქართველოს მეორედ გასაბჭოება, მერე ეს ფურცელზე გადაგიტანათ ვიღაცამ და ახლა, აი, ეს მოაწყეთ. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ნაცვლად იმისა, რომ 12 პუნქტზე ვლაპარაკობდეთ ახლა და ევროპას ვუახლოვდებოდეთ, ამ გზას ჩეხავთ და აფეთქებთ თქვენ, რომლითაც საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობა, მათ შორის, თითოეული თქვენგანის, ვინც ამ კანონზე ხელს დააჭერს. ეს არის რუსული კანონი, რუსული მიზნებით. თუ ვინმემ ვერ გაიგო აქ მყოფმა, ეს კანონი რატომ არის პრობლემა და რა არის მასში - არა სიტყვები, არა ტერმინები, არამედ არსი არის რუსული. ამიტომ ან აიღეთ ხელი ამ განზრახვაზე, ან ძალიან მძიმე შედეგებისთვის მოგიწევთ თვალის გასწორება. გასაბჭოვდა ეს ქვეყანა ერთხელ, მაგრამ მეორედ მის გასაბჭოებას არავინ არ დაგანებებთ. მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: ის, ვინც მიისწრაფვის რუსეთისკენ, რომლის კანონსაც ახლა აქ ნერგავთ, ან ბრიყვია, ან ნაძირალა! ახლა თქვენ აირჩიეთ, რომელი გინდათ რომ იყოთ“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადაეცემა იმ პირობით, რომ გადაიხედება ტერმინები და გაიმართება შესაბამისი დისკუსიებიც.
„ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ თუ კანონპროექტი იქცევა კანონად, იქცევა კანონად იმ სახით, რომ ის არანაირად არ შეუშლის ხელს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ ვართ ამის გარანტი, რადგან ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ კანონის მიღება-არ მიღების საკითხზე ვიხელმძღვანელებთ ვენეციის კომისიის დასკვნით. ეს არის მთავარი. არ არის სიმართლე ის, რომ ჩვენ შეიძლება რამენაირად ხელი შევუშალოთ ევროპულ ინტეგრაციას“, - თქვა სამხარაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტებს 6 მარტს განიხილავენ.