საყოველთაობა და ხმის ფარულობა - რაზე იდავებს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მისმა წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ შეიტანა. ბესელიამ მედიასთან ის მთავარი კონსტიტუციური პრინციპები განმარტა, რომელთა დარღვევა არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველია. სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებსაც ეხება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მთავარი მოთხოვნა არის არჩევნების შედეგები გაბათილდეს. არამხოლოდ ის ნორმები იქნას ბათილად ცნობილი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ ამ ნორმების საფუძველზე არჩევნების შედეგების ბათილობა უნდა დადგეს დღის წესრიგში.

სარჩელი არის ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევის თაობაზე, პირველი ეს არის საყოველთაობა. ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ აეკრძალათ კიდეც. იცით რომ ჩვენმა ათასობით მოქალაქემ ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნებში ხმის მიცემის დროს ფარულობის დარღვევა. ამაზეც არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება. ხმის მიცემის პროცედურის დროს იმდენად დაუცველი იყო ამომრჩევლის ნება, რომ ჩანდა ვის აძლევდა ამომრჩეველი ხმას. რაც პირველ და ძალიან მნიშვნელოვან სტანდარტს არღვევს კონსტიტუციის, არჩევნები უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამავე დროს ფარული.

ჩვენ ამ სარჩელში ასევე ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სასამართლოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„შესაძლოა სასამართლომ სარჩელი ამ კვირაში განიხილოს. სარჩელის განხილვაზე უარის თქმა იქნება სასამართლოს მხრიდან მისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა და მოსამართლეებს ამის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ“, - აღნიშნა ბესელიამ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს გაითვალისწინებს და საქმეს შემჭიდროებულ ვადაში, 30 დღეში განიხილავს. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგება.

„სამართლებრივი ლოგიკა არის ასეთი, თუ არ დასრულდება განხილვა, პარლამენტი ვერ შეიკრიბება. კონსტიტუცია ამბობს, რომ პირველი შეკრება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული თარიღით ხდება, არავითარი სხვა დათქმა კონსტიტუციას არ აქვს. როცა პრეზიდენტი არ იწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, ამას არეგულირებს შესაბამისი მუხლი, ინიშნება ახალი არჩევნები.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო თავის მოვალეობას არ შეასრულებს, თუ პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბება, თუ „ქართული ოცნება“ დაირქმევს, რომ ის არის ხელისუფლება, თუ თვითნებურად დაიწყებენ მთავრობის არჩევას, ეს იქნება კონსტიტუციური ნორმებიდან გასვლა, ანუ თვითნებურად მოქმედი ჯგუფია, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. ეს არ იქნება კონსტიტუციური ნორმებით არჩეული არც ხელისუფლება, არც პარლამენტი“, - ამბობს ბესელია.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გუშინ, 18 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ორი მთავარი პრინციპის დარღვევის გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებს. პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს ნდობას არ უცხადებს, ამბობს, რომ ყველა სამართლებრივი გზის გავლაა საჭირო. „ესეც არის ამ  ჩემი სარჩელის მიზანი - ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომლებიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე - როგორი ქვეყანა მინდა, ვისთან ერთად მინდა ეს ქვეყანა და საითკენ უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.