გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სამართალდამრღვევად ცნო ადგილობრივი ბიზნესმენი და აქტივისტი იოსებ ბაბაევი, რომელიც პოლიციამ 14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიების წინ დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაბაევს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, რასაც ის უარყოფს. როგორც იოსებ ბაბაევი ამბობს, უკანონოდ დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისთვის ხელი არ შეეშალა.
მოსამართლე პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, იოსებ ბაბაევს ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამ ვადაში მას დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გატარებული 48 საათი ჩაეთვალა.
„ჩემს ჩანაწერებში ჩანს, რომ პოლიციელს სამხრე კამერა ეკეთა და იწერდა, თუმცა სასამართლოზე არცერთი ვიდეომტკიცებულება არ წარმოადგინა, რადგან ჩემი მხრიდან კანონდარღვევა არ ყოფილა. მოსამართლემ დღეს ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პოლიციას უკანონო დაკავება დაუკანონა“, - თქვა ბაბაევმა პროცესის შემდეგ.
იოსებ ბაბაევი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პროკურატურას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული.
იოსებ ბაბაევი, რომელიც გორში „რესტო ბარის“ მეპატრონეა და აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში, პოლიციელებმა 4 ივნისს დააკავეს, თუმცა, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო ყველა საგამოძიებო მოქმედება და იარაღი, რომელიც თითქოს ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია. ბაბაევმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 6 ივნისს დატოვა. პროკურატურამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მისი სრულად გაუქმება მოითხოვა. 14 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა - მან ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად მიიჩნია. შესაბამისად, დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციელთა მტკიცებით, იოსებ ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს. სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია ბაბაევის პირადი ჩხრეკა და პისტოლეტის ამოღება.
3 ივლისს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, იოსებ ბაბაევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარუდგუნეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბაბაევი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.
იოსებ ბაბაევი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მასზე იძალადეს, რის გამოც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.