გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტსა და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს, რომელსაც პროკურატურა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ამით მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
საქმის პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი შუამდგომლობას ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობით ასაბუთებდა, რასაც იოსებ ბაბაევი და მისი ადვოკატები არ ეთანხმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა.
„საქმეში არსებული „მტკიცებულებები“ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ ამაზეც მიგვანიშნა და მიგვანიშნა იმაზეც, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება“, - განაცხადა ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ.
„დამაკავეს, იარაღი ჩამიდეს, სასტიკად მცემეს და 1000 ლარიანი გირაო დამაკისრეს, ქვეყანა რომ არ დავტოვო. ეს არის აბსურდი. მაინც მადლობელი ვარ მოსამართლის, რადგან ამაზე ცუდ შედეგს ველოდი. გავაგრძელებ ბრძოლას და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს“, - თქვა ბაბაევმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
იოსებ ბაბაევი, რომელიც გორში „რესტო ბარის“ მეპატრონეა და აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში, ერთი თვის წინ, 4 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბაბაევი ამბობდა, რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პროკურატურამ მას ბრალი ვეღარ წარუდგინა, რადგან გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო პოლიციის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება და იარაღი, რომელიც თითქოს ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია. ბაბაევმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 6 ივნისს დატოვა.
პროკურატურამ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მისი სრულად გაუქმება მოითხოვა. 14 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა - მან ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად მიიჩნია. შესაბამისად, დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციელთა მტკიცებით, იოსებ ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს. სააპელაციო სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია ბაბაევის პირადი ჩხრეკა და პისტოლეტის ამოღება.
3 ივლისს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, იოსებ ბაბაევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარუდგუნეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.