სამოქალაქო აქტივისტსა და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ბაბაევს ბრალი მას შემდეგ წარუდგინეს, რაც სააპელაციო სასამართლომ ორი კვირის წინ კანონიერად მიიჩნია პოლიციელების მიერ მისი ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც, თითქოს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
„ბრალის წარდგენა მოხდა მხოლოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილში, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომაც კი მიიჩნია, რომ პირადი ჩხრეკა და პისტოლეტის ამოღება უკანონო იყო. რა თქმა უნდა, როგორც პირადი, ისე ავტომობილის ჩხრეკის დროს იოსებ ბაბაევს იარაღი ჩაუდეს.
დღეს, გამომძიებელმა შემოგვთავაზა საგამოძებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება და ნერწყვის ნიმუშის აღება, რაზეც უარი ვთქვით, რადგან გამოძიებას არ ვენდობით. იოსებ ბაბაევი აცხადებს, რომ დაკავების დროს, მისი ბიოლოგიური მასალა პოლიციელმა უკანონოდ მოიპოვა და გამორიცხული არ არის, ის დაეტანათ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე. ამიტომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე უარი ვთქვით“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ადვოკატმა ალექსი მერებაშვილმა.
პროკურატურამ იოსებ ბაბაევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს 48 საათის განმავლობაში უნდა მიმართოს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობს არც პატიმრობის და არც გირაოს გამოყენების საფუძველი.
„ამ ერთ თვეში იოსებ ბაბაევი არ მიმალულა. ის ვერც მოწმეებზე მოახდენს გავლენას, რადგან მოწმეები პოლიციელები არიან. ზედმეტია საუბარი „დანაშაულის“ ხელახლა ჩადენაზე. დაველოდებით სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებას. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სასარგებლო განაჩენი დადგება“, - აღნიშნავს ალექსი მერებაშვილი.
იოსებ ბაბაევი მისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს: „პისტოლეტი ჩაგიდეთ უკანონოდ და ავტომატი ჩაგიდეთ კანონიერადო. ავტომატს მედავებიან, რომელიც თვითონვე ჩადეს მანქანაში. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული ტერორი საქართველოში. არ უყვართ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, პროევროპულად მოაზროვნეები, თავისუფალი ადამიანები და უნდათ, ნებისმიერი გზით გააჩუმონ ისინი“, - ამბობს ბაბაევი.
იოსებ ბაბაევი, რომელიც გორში „რესტო ბარის“ მეპატრონეა და აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში, ერთი თვის წინ, 4 ივნისს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პროკურატურამ მას ბრალი ვეღარ წარუდგინა, რადგან ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ ცნო პოლიციის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება და იარაღი, რომელიც თითქოს ბაბაევის მანქანიდან ამოიღეს, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია. ბაბაევმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 6 ივნისს დატოვა.
14 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა მოსამართლე ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად მიიჩნია. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვდა.
იოსებ ბაბავმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, რომლებმაც, მისი თქმით, იარაღი ჩაუდეს და რომელთა ჩვენების გამო, ორი დღე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. გამომძიებლებმა იოსებ ბაბაევი გამოჰკითხეს, თუმცა მისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებიათ.