საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების, კერძოდ, 915-ე და 916-ე ქვეთავების ამოქმედება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე გადაავადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
915-ე ქვეთავი სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარებას ეხება. რეგლამენტის მიხედვით, განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველი სტადიიდანვე გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარება.
სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისათვის განკუთვნილი გზის თავისუფალი სიგანე არანაკლებ 6 მეტრი უნდა იყოს. შენობა-ნაგებობას უნდა ემსახურებოდეს, სულ მცირე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ერთი მისასვლელი გზა. ამასთან, შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზა ისე უნდა დაგეგმარდეს და აიგოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სახანძრო ავტოკიბეების მექანიზმების სრული გაშლა.
916-ე ქვეთავის მიხედვით, 75 მეტრზე მაღალი შენობის სახურავზე, ადამიანთა ევაკუაციის მიზნით, უნდა მოეწყოს სახანძრო-სამაშველო კაბინისთვის განკუთვნილი, სულ მცირე ერთი მოედანი. მოედანი უნდა იყოს არანაკლებ 25 კვმ. ფართობის და განთავსდეს სახურავის შუა ნაწილში.
ტექნიკურ რეგლამენტს აღნიშნული ქვეთავები პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის 26 ოქტომბერს გამოცემული დადგენილებით დაემატა. დადგენილება იმავე დღეს, მისი გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2023 წლის თებერვლის დადგენილებით, 2024 წლამდე გადავადდა. ამოქმედების შემთხვევაში, მოთხოვნები 2022 წლის 27 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.
ცვლილებების გადავადება დადებითად შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ.
„უნდა შექმნილიყო მისასვლელი გზების შესაბამისი გარე პირობები, თუმცა შემოთავაზებული მანძილები იმდენად დიდი იყო, რომ დაახლოებით 70-80% მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დეველოპერებს აქვთ, შეიძლება გამოუყენებადი გამხდარიყო და შეექმნა სერიოზული სირთულეები.
ამიტომაც, ჩვენი შეთავაზებული იყო, რომ დადგენილების მოქმედება გადავადებულიყო და პარალელურად გვენახა საუკეთესო პრაქტიკა, თანამედროვე მიდგომები, თუ არსებობს ალტერნატივები იმ მიდგომისა, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შემოგვთავაზა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს თავითავად ცუდია, მაგრამ უნდა ვეძებოთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებულ რეალობას მოერგება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
მისივე ინფორმაციით, ასოციაცია წლის ბოლომდე, სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეარჩევს მაღალი რეპუტაცის მქონე საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს შეიმუშავებს.