შესაწყალებელი და სამაჯურით სასიარულო პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი აქვს - ხაბეიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სასჯელის მოხდის ალტერნატიული ფორმების შესახებ გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს „შესაწყალებელი არაფერი არ სჭირს“.

„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია და ამის ტირაჟირება, რომ თურმე ვიღაცა უნდა შეიწყალოს კი არა, ინსტრუმენტი, რომელიც ხელში აქვს, უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არაადეკვატურია, რის შესახებაც საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები საუბრობენ.

შესაწყალებელი და სამაჯურით სასიარულო პრეზიდენტ სააკაშვილს არაფერი არ აქვს. რატომ უნდა იაროს სამაჯურით?

„გაიდან“ საპატრულო პოლიცია შექმნა, ცალ-ცალი ე.წ. ბოტი რომ ეცვა ჯარს, ევროპული, თანამედროვე ჯარი შექმნა. ამიტომ?! იმიტომ, რომ სოციალური ფენის მიუხედავად, ყველას მიეცა განათლების მიღების შესაძლებლობა და ახალგაზრდებს ქრთამის გარეშე შეუძლიათ ჩაბარება?! ამიტომ უნდა იაროს სააკაშვილმა სამაჯურით და ციხეში უნდა ჰყავდეთ?! არ არის ეს ნორმალური და ლოგიკური. რაც დრო გადის საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხვდება სააკაშვილის პოზიტიურ როლს ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საუბარი საქმედ აქციოს და ის კონკრეტული ინსტრუმენტი რაც აქვს, გამოიყენოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ცხადია, ნიკა გვარამიასთან მიმართებაში“, - ამბობს ხაბეიშვილი.

2 ივნისს, ტელეარხ France 24-ის ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ დასავლეთში აინტერესებთ, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ხაზს უსვამენ ზიანს, რომელიც საქართველოს იმიჯს ადგება. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს მასაც აშფოთებს და ბევრს აკეთებს სიტუაციის შესამსუბუქებლად, თუმცა ზიანი მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია და შეწყალება-არ შეწყალება ნამდვილად არ არის ის, რაც მას შეცვლის.

„მე ვფიქრობ და ამაზე ღიად მისაუბრია, რომ მას უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დაამატა, რომ არის სამართლებრივი გარემოებები, რაც არ იძლევა შეწყალების შესაძლებლობას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და არ განმარტავს ხოლმე, რატომ იყენებს ან არ იყენებს მას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ახლა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ერთ წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სამკურნალოდ საქართველოდან პოლონეთში გადაყვანაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).