საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არსებობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ „დარიალზე“ არსებული მდგომარეობის შესახებ:
24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. მთავრობას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისა და რუსეთთან სახმელეთო და საჰარო საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდებს ოპოზიცია. ექსპრემიერი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საფრთხე რეალურია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან.
„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.... მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთში მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ - კობახიძე
23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.
ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც.
ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ, დღეს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა. მან პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
„ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვის ჩათრევასაც ცდილობენ ამ დანაშაულში, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლებას კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი აქვს გამოცხადებული ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.